ვლადიმირ პუტინს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებმა, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პუტინმა ხმების 87%-ით გაიმარჯვა.
მილოცვაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე დღეს, 18 მარტს გამოქვეყნდა, ბჟანია პუტინს „აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის სახელით“ ულოცავს „დამაჯერებელ გამარჯვებას, რომელმაც დაადასტურა დემოკრატიული პრინციპების ზეიმი და მსოფლიოს აჩვენა რუსეთის საზოგადოების სამოქალაქო სიმწიფე“. ბჟანიას თანახმად, პუტინის კანდიდატურას „აფხაზეთის ხალხმა მხარი, პრაქტიკულად, ერთხმად დაუჭირა“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის არჩევით „რუსეთის ხალხმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, რომლის „წყალობით ქვეყანა გააგრძელებს დასახული კურსით სვლას და კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული“ გახდება. ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო სააგენტო „რესის“ ცნობით, პუტინს ხმა მისცა ამომრჩეველთა 97%-მა.
საქართველოს ორ რეგიონში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ“ ალან გაგლოევს, რომელმაც პუტინს „თბილად მიულოცა წარმატება საპრეზიდენტო არჩევნებში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 18 მარტს, დაგმო ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს „ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოების მიერ, იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადოდ შეაფასოს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ.