უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი ბლოგერები ავრცელებენ ცნობებს, რომ უკრაინის მხრიდან რუსეთთან საზღვარი გაარღვიეს რუსი მოხალისეების შეიარაღებულმა ჯგუფებმა.
ამ წყაროების თანახმად, ბრძოლებია რუსეთის კურსკის ოლქის დაბა ტეტკინოსა და ბელგოროდის ოლქის დაბა გორკოვსკისთან, სადაც საზღვარი ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“. მათი წევრები უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლი რუსები არიან.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ილია პონომარიოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბელგოროდის ოლქის სოფელი ლოზოვაია რუდკა „გამათავისუფლებელი ძალების სრულ კონტროლქვეშაა“.
კრემლის მხარდამჭერი ტელეგრამ-არხების თანახმად, კურსკის ოლქში „საზღვრის გარღვევის მცდელობა“ იყო, „მოწინააღმდეგის ნაწილი განადგურებულია, დანარჩენებმა კი უკან დაიხიეს“. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ლეგიონის, „რუსეთის თავისუფლების“ ტელეგრამ-არხზე 12 მარტს გამოქვეყნდა პოსტი: „საზღვარი გადავკვეთეთ“ და ვიდეო, რომელზეც გაურკვეველი ტექნიკის გადაადგილება ჩანს. ლეგიონის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ პუტინმა რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე მართოს, ყველა ზომას მიმართავენ მისი დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, რათა რუსებს მშვიდად ეძინოთ, კარზე ზარის არ ეშინოდეთ, თავისუფლად თქვან, რასაც ფიქრობენ და ხმა მისცენ იმას, ვისაც სურთ.
რუსეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ციმბირის ბატალიონმა“ ტელეგრამ-არხით რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა ამ კვირაში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების იგნორირებისკენ. არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ტელეკომპანია „24-ე არხს“ განუცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად, ბელგოროდის ოლქში ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.