რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილი ლეგიონის სიმბოლო L (Legion, Liberty) სულ უფრო ხშირად ჩნდება რუსეთის ქალაქებსა და დაბებში - შენობებზე, გზებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე.
ლეგიონი, რომელსაც ზოგჯერ "თავისუფალ რუსეთსაც" უწოდებენ, აცხადებს, რომ რუსეთის თავისუფალი მომავლისთვის, პუტინის რეჟიმის გასანადგურებლად იბრძვის - ზოგი ფრონტის ხაზზე და ზოგიც - ზურგში.
"რუსეთი იღვიძებს"
რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ შერჩეულ Z-ს, რომელიც საომარი აგრესიისა და სისასტიკის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა, ბოლო დროს უპირისპირდება თავისუფლების ლეგიონის სიმბოლო L-ი.
ლეგიონის განმარტება ასეთია: L-ით იწყება სიტყვა ლეგიონი (Legion) და ის მთავარი სიტყვა, რომლისთვისაც ისინი მზად არიან „გაწირონ სიცოცხლე“ - თავისუფლება (Liberty).
ლეგიონის ტელეგრამარხზე, ინსტაგრამსა თუ ტვიტერზე გამოფენილია მრავალი ფოტო, რომლებსაც, მათი თქმით, თანამოაზრეებისგან, რუსეთიდან, ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ.
მაგალითად, 3 მაისს ტვიტერზე გამოქვეყნებული ფოტოები ვოლოგდისა და ხიმკის ოლქებიდან არის. კოლაჟს ახლავს წარწერა - „დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს სამშობლოდან. არ გიღალატებთ! პუტინი და მისი რეჟიმი განადგურდება. ჩვენ გავიმარჯვებთ!“
მანამდე იყო ფოტოები სანქტ-პეტერბურგიდან, მოსკოვის ოლქიდან (მონინო) თუ რიაზანიდან. „რუსეთი იღვიძებს“, - წერენ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული სამხედრო ლეგიონის წევრები, რომლებიც თანამემამულეებს ახსენებენ ფრონტისთვის აუცილებელი, ძლიერი ზურგის შექმნის საჭიროებას.
L-ის გარდა, ფოტოებზე ასახულია თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დროშა - 1 ცისფერი და 2 თეთრი ზოლით, რომლის იოლად შეკერვასაც მსურველებს ასევე ლეგიონის საინფორმაციო არხების საშუალებით ასწავლიან. ინსტრუქცია მარტივია: იყიდით რუსეთის ორ დროშას; ერთს მოხსნით მხოლოდ წითელ ზოლს, მეორეს - მხოლოდ თეთრს და შემდეგ ამ თეთრ ზოლს წითლის ადგილას მიაკერებთ.
ლეგიონის დავალებაა, რომ 9 მაისს, ომში დაღუპულთა მემორიალებზე, რუსეთში მყოფმა თანამოაზრეებმა სწორედ ცისფერ-თეთრი კვალი დატოვონ, მაგალითად, ყვავილებით. მათი განმარტებაა, რომ პუტინმა შებღალა 9 მაისის იდეა, „ოკუპაცია გაუკეთა ისტორიასა და გამარჯვების დღეს!“
„თავისუფალი რუსეთის ცეცხლი ედება რუსეთს“, - ეუბნება ალექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, რუსი პოლიტიკოსსა და ბლოგერს, მარკ ფეიგინს იუთუბარხზე საუბრისას. მისი თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლის პროცესი „ავტომატურად გადაედო“ რუსეთს უკრაინიდან.
„თავისუფალი რუსეთის კერები, უჯრედები რუსეთშიც გამოჩნდა. ლეგიონი უკვე რუსეთის შიგნითაც მოქმედებს. ეს არის მეორე ეტაპი, ეს იყო გარდაუვალი, ჩვენ ამას არ ვმართავთ... ყველა ვერ ჩამოდის [უკრაინაში] და გადაწყვიტეს - ჩვენები იბრძვიან [უკრაინაში] და რა, ჩვენ უფრო სუსტები [ხომ არ] ვართო?! ხალხმა დაიწყო გაერთიანება“, - თქვა არესტოვიჩმა 1 მაისს.
„რუსეთის ლეგიონის“ საკითხს განიხილავენ რუსეთში საყოველთაო მობილიზების შესაძლო გამოცხადების ჭრილში. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში, კრემლს 2 თავსატეხი გაუჩნდება: 1. დარიგებული იარაღით რუსეთის მოქალაქეებმა შესაძლოა რევოლუციაც მოაწყონ; და 2. დარიგებული იარაღით რუსეთის მოქალაქეები შესაძლოა უკრაინაში სწორედ „რუსეთის თავისუფლებას“ შეუერთდნენ.
„[ლეგიონის სტრუქტურულ] უჯრედებში ხალხი ამბობს - ჩვენ არ გვაქვს იარაღი, მაგრამ დაველოდებით მობილიზაციას...“, - ამბობს არესტოვიჩი.
4 მაისს, ლეგიონის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია არაძალადობრივი აქტივობებისთვის „წინააღმდეგობის კოორდინაციის განყოფილების“ შექმნის შესახებ. დანიშნულია ცალ-ცალკე კოორდინატორები, ფედერალური ოლქების მიხედვით, რომლებსაც მსურველები მითითებული მეილებით დაუკავშირდებიან.
მათ, ვინც უკრაინაში ჩასვლასა და პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ ახერხებს, ლეგიონის ინსტრუქციების თანახმად, ასევე შეუძლიათ ფულის გადარიცხვა, უშუალოდ ბრძოლაში გამოსადეგი აღჭურვილობისა და ნივთების შესაძენად.
ბრძოლაში ჩართვის მსურველებს კი, ლეგიონი სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი უკრაინული საელჩოების დახმარებით ელის და აფრთხილებს - თავი შეიკავონ უკრაინაში თვითნებური ჩასვლისგან, რადგან რუსეთს მათზე ნადირობა აქვს გამოცხადებული. ამასთან, ვრცელდება განმარტებები, რომ ასობით მსურველი ვერ შეძლებს ერთბაშად ჩასვლას და ასევე, გამოძახებამდე - მათი ვინაობის საფუძვლიანი შესწავლა ხდება.
ლეგიონთან დაკავშირებული ამბები ვრცელდება არა მხოლოდ რუსული, არამედ ბელარუსული არხებით. იწერება კომენტარები, რომ უკრაინა - "თავისუფლების ჰაბი" უნდა გახდეს და "უკრაინელებმა ყველას ნაცვლად არ უნდა იბრძოლონ". ბელარუსში საგანგებო ყურადღება მიიქცია სამოტივაციო ვიდეომ, რომელზეც ლეგიონის სამხედრო მომზადების პროცესია ასახული.
ლეგიონი უკვე დონბასში
„რუსეთის თავისუფლებამ“, რომელიც სხვადასხვა დროს ტყვედ აყვანილ რუს სამხედროებსა და უკრაინაში საგანგებოდ პუტინის რეჟიმთან საბრძოლველად ჩასულ რუსეთის მოქალაქეებს აერთიანებს, დაფუძნების შესახებ პირველი განცხადება მარტში გააკეთა. 5 აპრილს კი, კიევში, „ინტერფაქსის“ ოფისში, გამართულ პრესკონფერენციაზე, ბრძოლის გეგმები განმარტა სამმა ნიღბიანმა სამხედრომ. მათი თქმით - უკრაინაში „რუსეთი გენოციდს აწყობს“ და რაც მეტი ადამიანი დადგება ერთად, მით მალე დასრულდება ეს სისასტიკე.
1 მაისს ლეგიონმა მხარდამჭერებს აცნობა, რომ თითქმის 2-თვიანი მომზადების შემდეგ, მისი მებრძოლები საბრძოლველად უკვე დონბასში ჩავიდნენ.
„სწორედ აქ იწყება რუსეთის გათავისუფლება პუტინისგან და მისი ბანდისგან. რუსეთი გველოდება და ჩვენ უკვე გზაში ვართ“, - ასეთი წარწერით ვრცელდება ტვიტერზე ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ლეგიონის მებრძოლების დონბასისკენ ავტობუსით გადაადგილებას ასახავს. სხვა ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ადიან ისინი ავტობუსში.
„ჩვენ მადლობას ვუხდით უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას ნდობის გამოცხადებისთვის და პირობას ვდებთ გავამართლოთ ეს ნდობა ომში“, - წერია განცხადებაში, რომელიც ტელეგრამარხზე ჯერ კიდევ 29 აპრილს გამოქვეყნდა.
1 მაისს, იუთუბარხზე არესტოვიჩმა განაცხადა, რომ „რამდენიმე ათეულმა [რუსმა] ჯარისკაცმა“, რომელიც უკვე დონბასის ფრონტზეა, გაიარა „თვენახევრიანი შემოწმება“ და „ძალიან რთული ფილტრაცია“; ხოლო 2 მაისს გაკეთებული განცხადების თანახმად, „დიადი დღე“ იყო, რადგან სწორედ 2 მაისს, პირველი რუსი ჯარისკაცი უკრაინელებს თავისი ნებით, ლეგიონში გაწევრიანების მიზნით ჩაბარდა.
რუსული ლეგიონის შესახებ შედარებით დეტალური ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო არესტოვიჩია, შესაბამისად, ეს ლეგიონი შესაძლოა საინფორმაციო ომის ნაწილიც იყოს. არესტოვიჩი განმარტავს, რომ:
- ლეგიონის რიგებში არიან „სამხედრო პროფესიონალიზმის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ადამიანები“, „ძალიან სერიოზული ქვედანაყოფებიდან“, „მაღალი დონის ოფიცრები“.
- დაახლოებით 20 აპრილისთვის ლეგიონერებს შორის უკვე უფრო მეტი იყო რუსეთიდან ჩასული მებრძოლი, ვიდრე ტყვეები.
- ისინი უშუალოდ ფრონტზე იბრძვიან შენიღბულად - „არა ლეგიონის სიმბოლიკით“.
- ლეგიონის შემადგენლობაში არიან უკრაინელი ჯარისკაცებიც „იმისთვის, რომ ისმოდეს უკრაინული ლაპარაკი - შესანიღბად“.
კონკრეტული ამოცანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა მანამდე ლეგიონი მრავალმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ კარგად იცის რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობა და რომ „დრო აჩვენებს“, უკავშირდება თუ არა ბელგოროდის ოლქში რკინიგზის დაზიანების შემთხვევები თუნდაც ნავთობბაზის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს.