მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეჩერდება, თუკი უკრაინაში გაიმარჯვებს და დანარჩენ ევროპას დაემუქრება. ეს განცხადება მან გააკეთა პარიზში, სადაც 7 მარტს მან საფრანგეთთან ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას თავდაცვისა და თანამშრომლობის თაობაზე.
„თუ არ მოხერხდება აგრესორის შეკავება, ის გააგრძელებს სვლას და ფრონტის ხაზი უფრო და უფრო ახლოს მოვა. უფრო ახლოს მოვა ჩვენთან. უფრო ახლოს მოვა თქვენთან“, - თქვა სანდუმ, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თავის ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან ერთად.
„ამიტომ ევროპამ გაერთიანებული ფრონტი უნდა შექმნას. აგრესია მთელი ძალით უნდა იქნეს უკუგდებული“, - დასძინა მან.
თავის მხრივ მაკრონმა პირობა დადო, რომ მოსკოვის მხრიდან მუქარის პირობებში მოლდოვის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერა „უდრეკი“ იქნება.
საფრანგეთმა და მოლდოვამ თავდაპირველ შეთანხმებას სექტემბერში მიაღწიეს სამხედრო პერსონალის წვრთნისა და სადაზვერვო მონაცემების გაცვლის თაობაზე. სანდუს თქმით, მოსკოვი გეგმავს, შეარყიოს მოლდოვის სტაბილურობა და ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას ჩამოაშოროს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ევროკავშირში წევრობის თაობაზე რეფერენდუმის წინ.