Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცი: არასწორად გამოყენების შემთხვევაში Taurus-მა შესაძლოა, მოსკოვამდე მიაღწიოს


უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავზე, 2024 წლის 24 თებერვალს ბერლინში გამართული აქციის მონაწილეები უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემასაც მოითხოვდნენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ორი წლისთავზე, 2024 წლის 24 თებერვალს ბერლინში გამართული აქციის მონაწილეები უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემასაც მოითხოვდნენ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისევ განაცხადა, რომ არ სურს უკრაინას გადასცეს ფრთოსანი რაკეტები Taurus-ი, რადგან მათ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება შეუძლიათ. ამჯერად, შოლცმა კონკრეტულად მოსკოვი ახსენა.

სააგენტო dpa-ს ცნობით, 29 თებერვალს დრეზდენში მყოფმა შოლცმა განაცხადა, რომ Taurus-ის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია და არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ სამიზნეებამდე მოსკოვშიც მიაღწიოს.

ფედერალური კანცლერის თქმით, ამ ფრთოსანი რაკეტების გამოყენების უზრუნველსაყოფად საჭირო იქნებოდა გერმანელების მონაწილეობაც, რაც გამორიცხულია.

ოლაფ შოლცმა ადრეც განაცხადა, რომ უკრაინისთვის Taurus-ების გადაცემა ომის ესკალაციას გამოიწვევს, რადგან რაკეტას შეუძლია რუსეთის ტერიტორიამდე მიაღწიოს. ამ ფრთოსან რაკეტებს გერმანულ-შვედური კომპანია Taurus Systems-ი აწარმოებს.

უკრაინა მუდმივად აცხადებს, რომ ძლიერი, თანამედროვე იარაღი მხოლოდ თავისი ტერიტორიის დასაცავად სჭირდება.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინამ გერმანიისგან მიიღო დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება, მათ შორის ტანკები Leopard-ი და საჰაერო თავდაცვის სისტემები IRIS-T. 2024 წელს გერმანია უკრაინას გაუწევს 7 მილიარდ ევროზე მეტის სამხედრო დახმარებას.

XS
SM
MD
LG