Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის ცნობით, რუსეთს კიდევ ერთი Су-34 გაუნადგურეს


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან, რუსეთის არმიის თვითმფრინავი Су-34
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან, რუსეთის არმიის თვითმფრინავი Су-34

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის არმიის კიდევ ერთი გამანადგურებელი ბომბდამშენი Су-34 ჩამოაგდეს. ინფორმაცია დღეს, 29 თებერვალს, გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა.

გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი „აღმოსავლეთის მიმართულებით“ გაანადგურეს.

ბოლო სამ დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თებერვალში რუსეთმა უკრაინაში დაკარგა საერთო ჯამში, 11 სამხედრო თვითმფრინავი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამს.

ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ 28 თებერვალს წერდა, რომ ორ კვირაში 10 რუსული თვითმფრინავის(Су-35, Су-34, А-50) ჩამოგდებას შესაძლოა, ხელი შეუწყო უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის გამშვები დანადგარების გადაცემამ საჰაერო თავდაცვის მობილური ჯგუფებისთვის, რომლებსაც ფრონტის ხაზის მახლობლად სწრაფად გადაადგილება და კონტრდარტყმების თავიდან აცილება შეუძლიათ.

ამერიკული გამოცემის თანახმად, სავარაუდოა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზის მახლობლად განათავსეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, NASAMS-ის ნაწილიც. როგორც „ფორბსი“ წერს, ასეთ შემთხვევაში უკრაინას შესაძლოა, მალე ამოეწუროს ამ კომპლექსების რაკეტები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ მიუღია.

აშშ, კონგრესში რესპუბლიკელების ნაწილის წინააღმდეობის გამო ვერ ახერხებს უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 13 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის შესახებ. კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში.

კანონპროექტის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელები, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი, წინააღმდეგობის მიზეზად ასახელებენ მექსიკასთან საზღვრის გავლით მასშტაბური არალეგალური მიგრაციის პრობლემას, რომლის მოსაგვარებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ზომებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG