Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიგანის თქმით, 32 წელში აშშ საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა


28 თებერვალი, 2024 წელი. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე
28 თებერვალი, 2024 წელი. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის მოხსენებას. დიპლომატის გამოსვლის თემა იყო: „საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა“.

სიტყვით გამოსვლისას რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა ისე მყარად არ უჭერს მხარს, როგორც შეერთებული შტატები. მან გაიხსენა, რომ აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 32 წელში ექვს მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება გაუწია.

„როდესაც რამდენიმე დღის წინ იყო "წითელი არმიის" მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა ისე მყარად არ უჭერს მხარს, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის დახმარების სახით გაწეული. ეს ასე, მხოლოდ რიცხვებით ასახული არ არის. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ბევრი ქართველი შემხვედრია, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით - ბევრი ოფიცერი, მესაზღვრე, ბევრი ქართველი სამხედრო, რომლებიც მომზადებული იყვნენ შეერთებული შტატების მიერ; ბევრი პროფესორი, სტუდენტი შემხვედრია, რომლებმაც მითხრეს, რომ პარტნიორობამ შეცვალა მათი ცხოვრება; ფერმერებმა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ფინანსურმა დახმარებამ, რაც შეერთებული შტატებიდან მიიღეს, ხელი შეუწყო მათი ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა დანიგანმა.

დიპლომატმა აღნიშნა საზღვრის დაცვის თვალსაზრისით საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებაც. „შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო საქართველოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ჩვენი დაფინანსება უმეტესად საქართველოს სასაზღვრო პუნქტების აღჭურვისათვის არის განკუთვნილი, აგრეთვე მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრები, 1600-მა ქართველმა ისარგებლა აშშ-ში სამხედრო განათლებით. საქართველო აღვჭურვეთ ნატოსთან თავსებადი აღჭურვილობით. მათ მიიღეს მონაწილეობა სამხედრო წვრთნებში და მთლიანად რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, შეერთებული შტატები არის, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი“, - თქვა მან.

ელჩმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შესახებაც ილაპარაკა. „გასულ კვირას გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ურთიერთობები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ახალ თანამდებობაზე დანიშვნიდან პირველად. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა; ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, "შუა დერეფნის" მხარდაჭერა; აგრეთვე ჩვენი სამხედრო, თავდაცვითი ურთიერთობების მხარდაჭერა და კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა", - აღნიშნა დანიგანმა.

28 თებერვალი, 2024 წელი. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში
28 თებერვალი, 2024 წელი. აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში

აშშ-ის ელჩმა მოხსენებაში ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერაზეც. მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გარდამავალ ეტაპზე, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ის მზადყოფნას გამოთქვამს, რომ „ცხრა ნაბიჯის“ შესრულებაში საქართველოს დახმარება გაუწიოს. დანიგანმა თქვა, რომ აშშ სამოქალაქო საზოგადოებასთან ყველა სეგმენტში თანამშრომლობს და აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებას ამ მხრივ მხარს დაუჭერს.

რობინ დანიგანმა გაიხსენა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბრიუსელში გაემგზავრა და ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოს კანდიდატობაზე ესაუბრა.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას.

ელჩმა სხდომის მონაწილეებს მიმართა, რომ ბევრ მათგანს პირადად ესაუბრა არჩევნების შესახებ. „ვიცი, რომ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი", - განაცხადა მან.

დანიგანმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გასულ წელს აშშ-საქართველოს ვაჭრობის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა და ორ მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, მან დაამატა, რომ ეს არ არის საკმარისი.

ელჩმა „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს როლი "შუა დერეფანში". როდესაც საუბარი იყო განვითარების ფინანსურ კორპორაციაზე (DFC), 250 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი ფოთის პორტის განვითარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ლოჯისტიკის ჰაბის, განვითარებას", - თქვა მან.

დანიგანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაზეც ისაუბრა.

„კიდევ ერთი მომენტი ეს არის, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და უნარს, რომ საქართველომ თავისი თავი დაიცვას, შეაკავოს შესაძლო აგრესია. ეს არის ნამდვილად ჩვენი ურთიერთობების საყრდენი. ჩვენი სამხედროები ერთად იწვრთნებიან, იბრძვიან და გვაქვს ძალიან კარგი, მყარი ურთიერთობები. ერთობლივად ჩვენ ვქმნით იმას, რომ საქართველო არის თავსებადი ნატოსთან. როდესაც ბოლო ვიზიტის დროს გენერლები იყვნენ ჩამოსულები, მათ თქვეს, რომ ასეთი პარტნიორობა მხოლოდ გაამყარებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა ელჩმა.

რობინ დანიგანმა დაამატა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. „რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ასეთი მემკვიდრეობის შენარჩუნებას - აშშ-ის მხარდაჭერა მოიცავს რესტავრაციის სამუშაოებს, ასევე საქართველოს მწერლების და კულტურის სხვა სფეროს ფიგურების მემკვიდრეობის და საქართველოს მუზეუმების შენახვას, მხარდაჭერას და დაცვას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

დანიგანი საქართველოსა და აშშ-ს შორის კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობას მოელის.

მოხსენების შემდეგ, ელჩმა დახურულ რეჟიმში უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

XS
SM
MD
LG