საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი სამუშაოდ წინა სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. ის მინისტრ ვახტანგ გომელაურის მრჩეველი გახდა.
რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ნინო გიორგობიანის დანიშვნის ბრძანებას მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. ის ბოლო რამდენიმე დღეა, უკვე მუშაობს ახალ თანამდებობაზე, რომელიც მინისტრისთვის მედიის მიმართულებით რჩევების მიცემას გულისხმობს.
ნინო გიორგობიანი თითქმის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად, სწორედ იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან ერთად შეიცვალა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსიც.
მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლამდე, გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა იდენტურ თანამდებობაზე. მან სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო - სხვადასხვა დროს მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში პრესსამსახურის უფროსად.
ხელისუფლების შეცვლამდე, ნინო გიორგობიანი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისში", იყო "რუსთავი 2-ისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი.