როგორც ალექსეი ნავალნის სპიკერის, კირა იარმიშის, ცნობიდან ირკვევა, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან საჯარო დამშვიდობება მიმდინარე სამუშაო კვირის ბოლოს, ანუ 1 მარტამდე იგეგმება.
"ჩვენ ვეძებთ დარბაზს ალექსეისთან საჯაროდ გამოსამშვიდობებლად. დრო: ამ სამუშაო კვირის ბოლომდე. თუ თქვენ გაქვთ სათანადო შენობა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ", - წერს იარმიში სოციალურ ქსელ X-ში.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში. პოლიტიკოსი 47 წლის იყო.
ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას, ლუდმილა ნავალნაიას, პოლიტიკოსის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს, 24 თებერვალს, გადასცეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობდა ცხედრის გადაცემაზე და აცხადებდა, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო ქმედება.
ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა შვილის ცხედრის გადაცემის სანაცვლოდ ლუდმილა ნავალნაიასგან მოითხოვეს, რომ დათანხმებოდა ალექსეი ნავალნის ფარულ დაკრძალვას. ნავალნის დედამ უარი თქვა ამ მოთხოვნის შესრულებაზე.
რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ალექსეი ნავალნის დედაზე ზეწოლა არ მოუხდენია შვილის დაკრძალვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, პესკოვის თქმით, ცხედრის გადაცემის გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინს არ მიუღია, რადგან "სახელმწიფოს მეთაური ამ საკითხებს არანაირად არ არეგულირებს."