Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიუღებლად მიიჩნევს პაპუაშვილის კომენტარს EU-ს მედიაკონკურსზე


შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის 20 თებერვლის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კონკურსზე, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში".

ჟურნალისტთა დამოუკიდებელ გაერთიანებას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე, გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს. მან ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში ჟიურისგან, რომელიც პროფესიული თემის გამორჩეული წარმომადგენლებისგან შედგება, მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

დამოუკიდებელი ჟურნალისტური კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. ამგვარი კონკურსები ქმნის მაღალ სტანდარტს, რომელზეც აქვთ სწორება როგორც პროფესიონალებს ინდუსტრიაში, ისე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მათ შორის უთუოდ გამორჩეულია ევროკავშირის პრიზი, რომელიც უკვე წლებია, მხარს უჭერს ქართველი ჟურნალისტების ძალისხმევას პროფესიული განვითარების გზაზე".

როგორც ქარტიის განცხადებაშია ნათქვამი, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის გელა მთივლიშვილს, ქარტიის საბჭოს წევრს, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა, ამგვარი თავდასხმები ვერ შეაჩერებენ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაციას, რაც მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში უკვე, რა ხანია, პრაქტიკულად მიუწვდომელია.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტება მოითხოვა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ევროკავშირის პრიზთან" დაკავშირებით, რომლის ფინალისტებს შორის იყო გელა მთივლიშვილის საგამოძიებო მასალა შოვზე. ამ საკითხზე მისთვის ჟურნალისტებს კითხვა არ დაუსვამთ - მისი თქმით, პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას ურჩევნია საგნობრივ საკითხებზე საუბარი და ამის მაგალითად დაასახელა ეს კონკრეტული მასალა.

„ჟურნალისტს რომ უწოდებენ, მთივლიშვილს ვგულისხმობ, რომელიც სტიქიის დღეებში პანიკას აწყობდა ტყუილებით და შემდეგ, სამწუხაროდ, ევროკავშირის კონკურსში ფინალშიც კი გავიდა ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკის კატეგორიაში სტატია, რომელშიც ეწერა ტყუილები...

თითქმის ყველაფერი იქ იყო ტყუილი და როდესაც ასეთი ტყუილი სტატია ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში გადის ფინალამდე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა გელა მთივლიშვილი.

„პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც მან და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა „მთის ამბების“ მიმართ, შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებში დაიწყეს. მაშინაც ვთქვით, რომ ეს თავდასხმები საფრთხეს უქმნის ჩვენი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას, ახალისებს ძალადობას, რაც უკვე არაერთხელ გამოვცადეთ, მათ შორის, 23 იანვარს, როცა პოლიციელებმა უკანონოდ დამაკავეს და მერე სისტემის მსახურმა მოსამართლე შჩერბაკოვმა, სრულიად უსაფუძვლოდ, მხოლოდ პოლიციელის ცრუ ჩვენებით, 2000 ლარით დამაჯარიმა. ჩვენ ვაგრძელებთ შოვის ტრაგედიის ჟურნალისტურ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ დრომდე არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას და სასამართლოში რამდენიმე სარჩელი გვაქვს", - დაწერა ჟურნალისტმა.

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მეწყრული პროცესები განვითარდა. მიწის მოწყვეტილმა მასამ 33 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ბავშვები. "მთის ამბებმა" ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა:

"სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა სასტუმრო „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი".

შოვზე მომზადებული მასალა "ევროკავშირის პრიზის" ფინალისტებს შორის დასახელდა, მან ეს კონკურსი ვერ მოიგო, თუმცა ამ მასალით ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ჟურნალისტური ეთიკის გამარჯვებული გახდა.

XS
SM
MD
LG