Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადაწყვიტა ცათამბჯენებმა გმირთა მოედანზე ბენზინგასამართი სადგურების ბედი


ბოლო წლებია საცობი გმირთა მოედნის მოუგვარებელი პრობლემაა
ბოლო წლებია საცობი გმირთა მოედნის მოუგვარებელი პრობლემაა

ბიზნესმენებთან შეთანხმება მიღწეულია - გმირთა მოედანზე  ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ. თბილისის მერია მხოლოდ საკრებულოს ფორმალურ თანხმობას ელოდება. 

“ლაგუნა ვერესთან” ესტაკადის გარშემო საცობების კვანძის გახსნა და გზის სავალი ნაწილის გაფართოება მუნიციპალიტეტს რამდენიმე მილიონი ლარი უჯდება.

“სატრანსპორტო ნაკადების მატებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა ამ სატრანსპორტო კვანძის გარკვეული სახით მოდერნიზება და კონკრეტული გადაწყვეტების მოძებნა”, - თქვა კახა კალაძემ 14 თებერვალს თბილისის მთავრობის სხდომაზე.

გმირთა მოედანი დედაქალაქის სხვადასხვა უბნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი არტერიაა: აქ ერთმანეთს გვერდს უქცევს სადგურის მოედნიდან, სანაპიროდან, საბურთალოდან, ვაკიდან და ვერიდან წამოსული სატრანსპორტო ნაკადები.

გმირთა მოედანი: "აბრეშუმის ქარხნიდან" სანაპირომდე.
გმირთა მოედანი: "აბრეშუმის ქარხნიდან" სანაპირომდე.

როგორც წესი, თითქმის დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია “აბრეშუმის ფაბრიკის” დასაწყისიდან სანაპირომდე მიმავალი გზის მონაკვეთზე. სწორედ ამ ადგილზეა სამი ბენზინგასამართი სადგური და ტექნიკური მომსახურების ერთსართულიანი შენობა. ამ მონაკვეთს ტროტუარი არ მიუყვება.

სამი ბენზინგასამართი კომპანია - “ვისოლი”, “ლუკოილი” და “გალფი” გმირთა მოედანთან ქონების დათმობის სანაცვლოდ მიიღებენ იმავე ფასის შესაბამის მიწას ქალაქის სხვა უბანში.

“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი კომპანიების მიწისა და შენობის ფასი მერიამ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დაადგენინა. ექსპერტიზამ ჯამში 1035 კვადრატული მეტრი მიწა მასზე განთავსებული 148 კვადრატული მეტრი ნაგებობებით 7,2 მილიონ ლარად შეაფასა. საშუალოდ, 1 კვ.მ მიწის ფასი 7 ათას ლარამდე გამოდის.

სანაცვლოდ “ლუკოილი” (10,3-ჯერ მეტ) და “გალფი” (6,4-ჯერ მეტ) მიწებს მიიღებენ ე.წ. გლდანის ხიდებთან ახალი ბენზინგასამართი სადგურების ასაშენებლად - ამ ადგილზე ექსპერტიზამ 1 კვ.მ მიწა 931 ლარად შეაფასა. 239 ლარი კი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ფასია - ეს ადგილი (13 467 კვ.მ) “ვისოლს” უნდა გადასცენ - კომპანია იქ კერძო სახლების აშენებას გეგმავს.

მერიასა და კომპანიებს შორის შეთანხმება არსებობს, რომ არსებულ და სასურველ მიწებს შორის ფასთა შორის სხვაობას კომპანიები დაფარავენ.

"ეს არის ურთიერთმოლაპარაკების შედეგი, განხილული იქნა არაერთი მიწის ნაკვეთი, როგორც ჩვენი შეთავაზებული, ასევე მათი მოძიებული, თუმცა საბოლოოდ, შეთანხმება შედგა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე“, - ამბობს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ირაკლი თავართქილაძე.

გმირთა მოედანზე საცობის პრობლემის მოგვარებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2014 წელს, მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში დავით ნარმანიამ დაიწყო. ის ამბობდა, რომ 2015 წლიდან “ლაგუნა ვერეს” გასწვრივ სამანქანო ტრასა გაფართოვდებოდა.

2014 წლის 22 დეკემბერს გმირთა მოედანზე საცობის პრობლემაზე სასაუბროდ თბილისის მერი ხვდება შინაგან საქმეთა წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტებს.
2014 წლის 22 დეკემბერს გმირთა მოედანზე საცობის პრობლემაზე სასაუბროდ თბილისის მერი ხვდება შინაგან საქმეთა წარმომადგენლებსა და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტებს.

“პროექტზე რამდენიმე წლის წინაც დავიწყეთ მუშაობა, თუმცა შეთანხმება ბენზინგასამართი სადგურების მესაკუთრეებთან ვერ მოხერხდა. შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი”, - ეს უკვე მოქმედი მერის, კახა კალაძის გაცხადებაა 10 წლის შემდეგ.

თბილისის მთავრობის ხდომაზე 14 თებერვალს მან წამოჭრა ეს საკითხი, რაც მისი ერთ-ერთი დაპირება იყო. კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას პირველი ვადით არჩევიდან რამდენიმე თვეში, 2018 წლის ივნისში უთხრა:

“[გმირთა მოედანზე] პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო”.

დედაქალაქის სხვადასხვა უბნის დამაკავშირებელ მთავარ კვანძში რომ პრობლემებია, ამაზე საუბარია “ლაგუნა ვერესთან” ცათამბჯენების მშენებელი კომპანიის მიერ მომზადებულ “განაშენიანების რეგულირების გეგმაშიც”. გეგმა თბილისის საკრებულომ გასული წლის ბოლო სხდომაზე დაამტკიცა.

“ტერიტორიის ჩრდილოეთის საზღვართან ფიქსირდება ამ ადგილისთვის შეუსაბამო ავტოგასამართი სადგურები. ორივე ავტოგასამართი [ამ შემთხვევაში იგულისხმება “ლუკოილი” და “გალფი”], მასში მიმდინარე მომსახურეობის პროცესებიდან გამომდინარე, მხოლოდ აფერხებს გზაზე მანქანების თავისუფალ გადაადგილებას”, - წერია გრგ-ში.

ცათამბჯენების მშენებლობის დაწყება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიას კიდევ უფრო გადატვირთავს.

ადგილი, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს, 2023 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” ეკუთვნოდა, შემდეგ კი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, მარიკა ვერულაშვილის კომპანიას მიჰყიდა. ვერულაშვილი პარლამენტის წევრი გახდა 2012 წელს. ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლიდან რამდენიმე თვეში კი “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა.

გზის გაგანიერების პროექტის დაწყება მას შემდეგ, რაც “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ ორი ცათამბჯენის აშენების უფლება მიიღო, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ეჭვებს უჩენს. ანა გოგოლაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ სატრანსპორტო კვანძის პრობლემის მოგვარება ინვესტორის პირდაპირი ინტერესია და მუნიციპალიტეტს რესურსი არ უნდა დაეხარჯა.

“როდესაც ქალაქი თმობს და მიდის ამხელა კომპრომისზე მშენებელის სასარგებლოდ, სადაც თბილისელების ინტერესები დაჩაგრულია, მაშინ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების, გზის გაგანიერების ვალდებულება ინვესტორს უნდა აჰკიდო… იმისთვის, რომ ახლა მშენებელს დამატებითი ხარჯი არ წარმოეშვას, მერია ბიუჯეტის ხარჯზე უკეთებს საჩუქრად”, - ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი.

ბენზინგასამართი სადგურების აღების შემდეგ მერიას სულ მცირე 10 მეტრი სიგანის მიწა ექნება საავტომობილო გზის გასაგანიერებლად და აქამდე გაუქმებული ტროტუარების მოსაწყობად. ამ პროექტის ბოლომდე მისაყვანად მერია უნდა შეუთანხმდეს კიდევ ორ ადამიანს, რომლებსაც ჯამში 75 კვადრატული მიწა ეკუთვნით ზუსტად იმ ადგილის წინ, სადაც ცათამბჯენების აშენება იგეგმება.

XS
SM
MD
LG