რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მეთაურ კიმ ჩენ ინს აჩუქა „რუსული წარმოების პირადი მანქანა“. ეს ცნობა დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე.
ფხენიანის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინისთვის პუტინის საჩუქარი რუსეთის წარმომადგენლებისგან 18 თებერვალს ჩაიბარეს ჩრდილოეთ კორეის მეთაურის დამ, რომელიც მმართველი „შრომის პარტიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია და პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა. მათ ავტომანქანას უწოდეს „საუკეთესო საჩუქარი“, რომელიც ადასტურებს ორი ქვეყნის ლიდერთა „განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს“.
პუტინის მიერ კიმისთვის ნაჩუქარი ავტომობილის მარკა და მოდელი დაკონკრეტებული არ არის. 2023 წლის სექტემბერში, რუსეთის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვლადიმირ პუტინი მივიდა რუსული წარმოების ავტომობილით Aurus-ი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მეთაურსაც დაათვალიერებინა.
თავად ჩრდილოეთ კორეის მმართველი წლებია გადაადგილდება ლიმუზინით Mercedes-Maybach. 2019 წელს, როცა ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ვლადივოსტოკში ჩასული კიმ ჩენ ინისთვის ორი ჯავშნიანი Maybach-იც ჩაიტანეს, მისმა მწარმოებელმა კორპორაცია Daimler-მა განაცხადა, რომ უცნობია, როგორ აღმოჩნდა ავტომანქანები ფხენიანში, რადგან კორპორაცია ზედმიწევნით იცავს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაეროს სანქციებს.
ბოლო ხანს არაერთხელ გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტების გამოყენება დაიწყო. მოსკოვი და ფხენიანი ამას უარყოფენ. ჩრდილოეთ კორეისგან იარაღის შეძენა, ისევე, როგორც კიმ ჩენ ინისთვის ავტომანქანის ჩუქება არღვევს ბირთვული იარაღის შემუშავების გამო ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებულ სანქციებს, რომლებსაც თავის დროზე რუსეთიც შეუერთდა.