Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატას არდადეგები აქვს - გადაიდო უკრაინის მხარდამჭერი პროექტის კენჭისყრა


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი(მარცხნივ) და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი(მარცხნივ) და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თეთრმა სახლმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი გააკრიტიკა იმის გამო, რომ არდადეგები გამოაცხადა უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე.

კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60-მილიარდიან დახმარებას ითვალისწინებს, 13 თებერვალს სენატმა დაამტკიცა. პრეზიდენტის ხელმოწერამდე დოკუმენტს სჭირდება წარმომადგენელთა პალატის თანხმობა. კენჭისყრა 16 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, სპიკერმა ჯონსონმა პრეზიდენტის დღესთან დაკავშირებული არდადეგები გამოაცხადა. აშშ-ში ყოველი თებერვლის მესამე ორშაბათს პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ პირველი პრეზიდენტის, 22 თებერვალს დაბადებული ჯორჯ ვაშინგტონის პატივსაცემად. ამერიკელები პატივს მიაგებენ პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნსაც, რომლის დაბადების დღე 12 თებერვალია. წელს პრეზიდენტის დღე 19 თებერვალს ემთხვევა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა, რომ აღშფოთებული არიან სპიკერ ჯონსონის მიერ შესვენების ნაადრევად გამოცხადებით ნაცვლად იმისა, რომ დაასრულოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მოტანა. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარებას ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხადაც განიხილავს.

მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ X-ში ერთი წინადადებით გამოეხმაურა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მისი განცხადებით, არასდროს იქნება დავიწყებული კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერაზე უარი.

მას შემდეგ, რაც დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა სენატმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი კანონპროექტი, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ დოკუმენტი არ მოიცავს მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ისეთ მკაცრ ზომებს, როგორსაც რესპუბლიკელები მოითხოვენ, ამიტომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, ჯონსონი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრაზე უარი უთხრეს. არდადეგების შესახებ თეთრი სახლის კრიტიკის პასუხად, სპიკერის პრესსამდივნოში განაცხადეს, რომ ეს არასერიოზულია, რადგან პრეზიდენტი, რომელმაც არჩევის შემდეგ შვებულებაში ერთ კალენდარულ წელზე მეტი გაატარა, სპიკერთან შეხვედრაზე უარს ამბობს. წარმომადგენელთა პალატის წევრები არდადეგებიდან 28 თებერვალს დაბრუნდებიან.

დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის თვეებია გრძელდება უთანხმოება მექსიკის ტერიტორიიდან აშშ-ში არალეგალურად ჩამსვლელი მიგრანტების საკითხზე. მხოლოდ 2023 წლის დეკემბერში, საზღვარი გადაკვეთა 300 ათასამდე ადამიანმა, რაც თვის სარეკორდო მაჩვენებელი იყო. საზღვრის საკითხში უთანხმოების გამო, აშშ-ის კონგრესი ვერ ახერხებს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად აუცილებელი დაფინანსების გამოყოფას.

  • 2024 წლის 4 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მიაღწიეს ორპარტიულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა 118 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინის(60 მილიარდზე მეტი), ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად და ასევე, მექსიკასთან საზღვარზე უსაფრთხოების ზომების და მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად.
  • მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა, რესპუბლიკელმა ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს შეთანხმება გააკრიტიკა და თანაპარტიელებს მისი უარყოფისკენ მოუწოდა, სენატში 7 თებერვალს ჩატარებული პროცედურული კენჭისყრისას კანონპროექტმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
  • 13 თებერვალს სენატმა, მათ შორის 22 რესპუბლიკელის მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი, რომელიც აღარ მოიცავს საზღვრის საკითხს და უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დასახმარებლად 95 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG