Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ახრა ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა – BRIEF


ახრა ავიძბა
ახრა ავიძბა

ტელეგრამ-არხი BRIEF იტყობინება, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბატალიონ „პიატნიშკის“ მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ, "ომის დროს ზემდგომის ბრძანების შეუსრულებლობისთვის" და "საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარისთვის".

"ეხო კავკაზას" ცნობით, ავიძბას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე დადგენილება, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს შედგა. მასში ნათქვამია, რომ ავიძბა "იგივე დონის თაამდებობაზე გადაიყვანეს" ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქვეითი ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, თუმცა დათქმულ დროს დანაყოფში არ გამოცხადდა და არგუმენტად ბრძანების უკანოობა დაასახელა. დოკუმენტის თანახმად, მისმა მოქმედებებმა არსებითი ზიანი მიაყემა სამსახურის ინტერესებს.

ახრა ავიძბას მის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • ახრა ავიძბა 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასში საომარ მოქმედებებში. მას „დნრ-ის" გმირის სტატუსი აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა 2021 წლის იანვრის ბოლოდან ძებნილად გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას, "საერთაშორისო ბრიგადა პიატნაშკას".
  • ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას გადადგომით დასრულდა. ახრა ავიძბას ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მისი ბიძაშვილის, „კანონიერი ქურდის“, ალხაზ (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა გახდა.
  • 2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტის“ თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. იმავე წლის 9 ნოემბერს მან განცხადება დაწერა გადადგომის შესახებ და მიზეზად „საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვა“ დაასახელა.
  • 2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
  • სექტემბერში ავიძბა ირწმუნებოდა, რომ არ გაუშვეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით მან მოსკოვში ჩასვლა შეძლო, სადაც შეხვდა პარტიის - „სამართლიანი რუსეთი-უფლებისთვის“ - ლიდერს, სერგეი მირონოვს და სიტყვით გამოვიდა კონცერტზე, სახელწოდებით „ჩვენებს არ ვტოვებთ“. 29 სექტემბერს ახრა ავიძბა ოკუპირებული აფხაზეთში ჩავიდა.
XS
SM
MD
LG