ქუთაისიდან ბარსელონაში გაფრენილი თვითმფრინავის უკან დაბრუნების გამო ქუთაისის აეროპორტში მომდევნო რამდენიმე რეისი დაგვიანებით შესრულდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს აეროპორტის ცხელ ხაზზე.
საუბარია გერმანიის მიმართულებით შესასრულებელი ორ რეისის გადადებაზე: ქუთაისი-მემინგენსა და ქუთაისი-ჰამბურგზე. ინფორმაცია უკვე ასახულია აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზე.
ამ დროის მონაცემებით, ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით რეისის შესრულება იგეგმება თითქმის 6 საათის დაგვიანებით, 19:00 საათზე.
დღეს, 14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას რეისი ვერ შესრულდა. თვითმფრინავი 148 მგზავრითა და ეკიპაჟის 6 წევრით რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა.
ამ რეისით მგზავრობდა რადიო თავისუფლების ერთ-ერთი ჟურნალისტი. როგორც ის ადგილიდან იუწყება, ბორტის წევრებმა მგზავრებს თვითმფრინავის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და არ მისცეს ბარგის ჩატანის უფლება.
"პილოტმა გამოაცხადა, რომ ტექნიკური შემოწმების მიზეზით უკან ვბრუნდებოდით. პანიკა არ ყოფილა, თუმცა დაჯდომის შემდეგ გვაჩქარებდნენ, თვითმფრინავი სწრაფად დაგვეტოვებინა", - იხსენებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.
მალევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ "მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ".