Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული წყაროების ცნობით, შავ ზღვაში დრონებით დაარტყეს რუსულ სადესანტო გემს


ფოტო არქივიდან. სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ სევასტოპოლის პორტში. 2015 წლის მარტი
ფოტო არქივიდან. სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“ სევასტოპოლის პორტში. 2015 წლის მარტი

დღეს, 14 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში ჩაძირეს რუსეთის სადესანტო გემი „ცეზარ კუნიკოვი“. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმირებულ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.

გამოცემის წყაროთა ინფორმაციით, რუსულ გემზე დრონებით დარტყმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს რუსულ სადესანტო გემზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რაიმე ცნობა არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია, გარდა ზოგადი ინფორმაციის, რომ 14 თებერვალს შავი ზღვის თავზე 6 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

საბჭოთა კავშირის გმირის წოდების მქონე მედესანტის, ცეზარ კუნიკოვის სახელობის ხომალდი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემია. 2008 წლის აგვისტოში ეს გემი მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. 2015 წელს რუსეთი „ცეზარ კუნიკოვს“ იყენებდა სირიაში, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდამჭერი ოპერაციისთვის.

2022 წლის 24 მარტს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ შეტევის შედეგად აზოვის ზღვაში, ქალაქ ბერდიანსკის პორტში გაანადგურეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „სარატოვი" და დააზიანეს კიდევ 2 - „ცეზარ კუნიკოვი“ და „ნოვოჩერკასკი“.

XS
SM
MD
LG