Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციაში მთავრობის თანხმობის გარეშე მიიღებს მონაწილეობას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

16-18 თებერვალს მიუნხენში ყოველწლიური უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და აპირებს მონაწილეობის მიღებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს.

უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მას პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში ექნება.

მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მთავრობა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.

2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა.

გასულ წელს მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტებით კონსტიტუცია დაარღვია, რადგან ამისთვის მთავრობის თანხმობა არ ჰქონია. ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევდნენ პრეზიდენტობის ღირსად.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შედგა. საპარლამენტო უმრავლესობამ ხმების საჭირო რაოდენობა (100 ხმა) ვერ მოაგროვა.

XS
SM
MD
LG