ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, მოემზადონ იერიშისთვის ქალაქ რაფაჰზე, რომელიც ხალხითაა სავსე.
ნეთანიაჰუმ ეს ბრძანა იმის მიუხედავად, რომ 8 თებერვალს კაიროში უნდა დაიწყოს მოლაპარაკებათა ახალი რაუნდი, რათა ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში მიჩნეულია ტერორისტულ დაჯგუფებად) ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.
ნეთანიაჰუმ ბრძანება გასცა მას მერე, რაც უარყო ჰამასის პასუხი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე. ამ დროისთვის გრძელდება დაძაბული დიპლომატიური მცდელობები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.
ისრაელის პრემიერმა 7 თებერვალს განაცხადა, რომ ღაზაში სრული გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია და უარყო ჰამასის წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა მოხდეს ღაზის სექტორში დატყვევებული მძევლების დაბრუნება. ნეთანიაჰუ თვლის, რომ ისრაელს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ჰამასის სრული განადგურებისა. მან თქვა, რომ ღაზაში ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა, “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების განთავისუფლების აუცილებელი პირობაა“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რომელიც რეგიონში იმყოფება, 7 თებერვალს თქვა, რომ ჯერ კიდევ ხედავს „შეთანხმების მიღწევის არეს“. ეს არის ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს. ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა ეგვიპტის და კატარის - მძევლების შესახებ ჰამასთან მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების - ლიდერებს.