აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 თებერვალს იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება შეთანხმება იმ ისრაელელი მძევლების განთავისუფლებაზე, რომლებიც გაიტაცა აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ჰამასმა.
„დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და მთლიანად კონცენტრირებული ვართ ამ სამუშაოზე. იმედი მაქვს, გავაახლებთ მძევლების განთავისუფლებას, რომელიც შეჩერდა“, - თქვა ბლინკენმა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრის წინ.
უფრო ადრე ბლინკენი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მასთან ერთად განიხილა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჰამასის შემხვედრი წინადადება.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სხვა ისრაელელი მოხელეები: თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მოსადის დირექტორი დავიდ ბარნეა.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 7 თებერვალს განაცხადა, რომ ღაზაში სრული გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია და უარყო ჰამასის წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა მოხდეს ღაზის სექტორში დატყვევებული მძევლების დაბრუნება. ნეთანიაჰუ თვლის, რომ ისრაელს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა ჰამასის სრული განადგურებისა. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ღაზაში ომის ერთადერთი გამოსავალი ჰამასზე სრული გამარჯვებაა, “საომარი ზეწოლის გაგრძელება მძევლების განთავისუფლების აუცილებელი პირობაა“.
ეს არის ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს. ვიზიტის განმავლობაში ის შეხვდა ეგვიპტის და კატარის - მძევლების შესახებ ჰამასთან მოლაპარაკების შუამავალი ქვეყნების - ლიდერებს.
ბლინკენმა განაცხადა, რომ შენარჩუნებულ უნდა იქნეს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების უწყება. მისი თქმით, გაეროს მისია ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს აფასებს.
ნეთანიაჰუს მან გამოუცხადა შეშფოთება ისრაელის ოფიციალური პირების რიტორიკის გამო, რომელიც ვითარებას ძაბავს. სახელმწიფო მდივანმა ასევე თქვა, რომ ჰამასის პასუხი ქმნის სივრცეს შეთანხმებისთვის.
ენტონი ბლინკენმა განმარტა, რომ, მისი აზრით, ნეთანიაჰუს მხრიდან ჰამასის წინადადების უარყოფა დაკავშირებულია მის იმ ელემენტებთან, რომლებიც არ დაწყებულა. მან განაცხადა ასევე, რომ პალესტინელთა ავტონომიამ თვითონ უნდა მოახერხოს რეფორმირება და კვლავ ამოქმედება.
Reuters-ის თანახმად, ბლინკენი და სხვა მაღალი რანგის ამერიკელი მოხელეები თვლიან, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტა საუკეთესო გზაა ისრაელის მომავალი ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, საუდის არაბეთთან მისი ურთიერთობის ნორმალიზების ჩათვლით. ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა ასევე დამოკიდებულია საომარი მოქმედების შეწყვეტაზე.
ბლინკენმა ჰერცოგს უთხრა, რომ უამბობს, რა მოისმინა ეგვიპტის, საუდის არაბეთის და კატარის ოფიციალური პირებისგან რეგიონში ისრაელის უფრო ფართო ინტეგრაციისთვის.
Reuters-ის თანახმად, ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უსამა ბაჰდანმა თქვა, რომ მათი დელეგაცია ეგვიპტეში მიემგზავრება 8 თებერვალს, კატარის და ეგვიპტის წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად.