Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს არ გააჩნია იმუნიტეტი კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე


ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, არ გააჩნია იმუნიტეტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევაში. მოსამართლეების მიერ ერთხმად მიღებულ 57-გვერდიან გადაწყვეტილებაში ნახსენებია კაპიტოლიუმის შტურმის ასობით მონაწილე, რომლებიც სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ტრამპი გახდა რიგითი მოქალაქე, რომელსაც საჯაროდ ხელმისაწვდომი გზები აქვს სისხლისსამართლებრივი დევნისგან თავის დასაცავად.

"ამ სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი გახდა მოქალაქე ტრამპი, რომელსაც აქვს დაცვის იგივე უფლებები, როგორიც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ ნებისმიერ სხვა პირს", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ ფართო სამართლებრივი დაცვის უფლება და არ შეიძლება მათი სისხლისსამართლებრივი დევნა ოფიციალური ქმედებების გამო, თუ წარმომადგენელთა პალატა ყოფილ პრეზიდენტს იმპიჩმენტს არ გამოუცხადებს, ხოლო სენატი თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს.

სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აბსოლუტური იმუნიტეტი პრეზიდენტს მთავრობის ყველა შტოზე მაღლა დააყენებდა, რაც საშიშია ხელისუფლების კონსტიტუციური სისტემისთვის.

გასულ წელს საგანგებო პროკურორმა ჯეკ სმიტმა ტრამპს ოთხი ბრალდება წაუყენა: შეთქმულება აშშ-ის შეცდომაში შესაყვანად, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლა, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და შეთქმულება ამერიკელთა უფლების წინააღმდეგ, დათვლილი ყოფილიყო მათი ხმები.

როგორც Washington Post წერს, კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის არცერთ სხვა იურისდიქციაში, სადაც ტრამპს დანაშაულში ედება ბრალი.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის პროკურორებს თავისი საარჩევნო კამპანიის დაზიანების პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობაში ადანაშაულებს.

დონალდ ტრამპი კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, განაცხადა ტრამპის კომპანიის წარმომადგენელმა სტივენ ჩუნგმა.

XS
SM
MD
LG