Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტი უწოდა


მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასრულდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის შესახებ. პრეზიდენტის შემდეგ ტრიბუნაზე გამოვიდნენ ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები. სიტყვით გამოსვლის უფლებით არ ისარგებლა ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ე.წ. პრეზიდენტი უწოდა.

მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გაიღო პრეზიდენტად ზურაბიშვილის ასარჩევად, მისი ამჟამინდელი რიტორიკა კი „რადიკალური ოპოზიციისგან" არ განსხვავდება.

„ადამიანი, რომელიც დღეს ფორმალურად კვლავ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, პრეზიდენტად არჩეული იქნა მას შემდეგ, რაც ძალიან გაგვიჭირდა, არცერთ არჩევნებში რომ არ გაგვჭირვებია, ისე.

ვიდრე ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ჩვენი პარტიული ლიდერების ბანერები არ გამოვკიდეთ, მანამდე ამ საქმეს არაფერი ეშველა. ამის შემდეგ ნელ-ნელა გაოპოზიციონერდა მისი „მესიჯბოქსი". 26 მაისს რუსულ „მესიჯბოქსში" ჩამჯდარი მისი სიტყვაც ვიხილეთ და დღეს ვნახეთ გამოსვლა, რომელსაც ობიექტურობის ნიშანწყალი რატომ არ ეტყობოდა, ერთ მთავარ არგუმენტს გეტყვით, არაფერი კარგი არ ხდება ამ ქვეყანაში?! ერთი სიტყვა ხომ შეიძლება, ქალბატონ სალომეს ეთქვა, რომ „ეს ერთი კარგი ამბავი ხდებაო", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ჩამოყალიბებას. „შალვას ფანჩატურს შესთავაზოთ ევრორემონტი და დაარქვათ ევრორემონტი, მეტი არაფერი გამოგივათ მაგ საქმიდან. რადიკალური ოპოზიციის სათავეში ყოფნის მცდელობა მეტ შედეგს არ მოგიტანთ", - თქვა მან.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „რადიკალურ ოპოზიციას" და პრეზიდენტს „საერთო პატრონი" ჰყავთ. პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბიშვილს ე.წ. პრეზიდენტი უწოდა.

„როდესაც სასამართლოზე ლაპარაკობდა [სალომე ზურაბიშვილი], პატრონებს იპოვიანო, ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც შეიძლება მე ვთქვა - საერთო პატრონის ხელში რომ არა, არ შეიძლება, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის და ე.წ. პრეზიდენტის რიტორიკა ასე დეტალებში და სიტყვა-სიტყვით ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს არის ძალიან სამწუხარო ვარაუდი, რომელსაც დიდი დასაბუთება აქვს", - განაცხადა დეპუტატმა.

ბოლოს მდინარაძემ პრეზიდენტს მიმართა: „ერთი თხოვნა მაქვს, ახლა მაინც, როდესაც დასკვნით სიტყვაში გამოხვალთ, თქვათ, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს. საქართველომ ეს სტატუსი მიიღო დამსახურებულად!"

სალომე ზურაბიშვილმა ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში უპასუხა მამუკა მდინარაძეს და თქვა, რომ საქართველო იმსახურებდა და დაიმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„იმისთვის, რომ არ ინერვიულოთ, მინდა გავიმეორო, დაგიდასტუროთ, რასაც ვაკეთებ შიგნით და გარეთ, რომ საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას. ეს არის მის ერთადერთი მომავალი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ 6 თებერვალს მედიასთან კომენტარში კიდევ ერთხელ თქვა, რომ „სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა საქართველოს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა".

გასული წლის სექტემბერში, იმჟამად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გაიმეორა „ქართული ოცნების“ ლიდერების მანამდე გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ "ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12 რეკომენდაციას" და „მან თქვა ყველაზე შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“.

2023 წლის 14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად ევროკავშირი ცხრა ნაბიჯის შესრულებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG