Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელოში ძლიერმა ქარმა ათობით სახლს სახურავი გადახადა და ხეები მოგლიჯა


ზუგდიდის კულტურის სახლს ხე დაეცა.
ზუგდიდის კულტურის სახლს ხე დაეცა.

ძლიერმა ქარმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეების ნაწილი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც რეგიონის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ქარმა ათობით საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში.

„რამდენიმე ათეულ სახლს ახადა სახურავი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ზოგს - ნაწილობრივ, ზოგს - მთლიანად. მონაცემებს ვაზუსტებთ ამ წუთებშიც. სპეციალური კომისიები დადიან ადგილზე და იკვლევენ მონაცემებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.

წალენჯიხის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დილის მონაცემებით 15-მდე კერძო სახლს აქვს სახურავი გადახდილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ფიქრობენ, რომ მონაცემები კიდევ გაიზრდება, რადგან სოფლებიდან ინფორმაციას ეტაპობრივად იღებენ.

ქარმა სახურავი ნაწილობრივ გადახადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლას. მერიის სამსახურში განაცხადეს, რომ აქ სასწავლო პროცესი დღეს შეწყვეტილია. ნაწილობრივ დაზიანდა ზუგდიდის კულტურის სახლიც, რომელსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა.

რუხის სკოლას ქარმა სახურავი გადახადა.
რუხის სკოლას ქარმა სახურავი გადახადა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ასევე განმარტეს, რომ მდინარე ენგურის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო ანაკლიაში 7 საცხოვრებელ სახლში წყალი შევიდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მოგლეჯილი ხეებისგან წუხელვე გაიწმინდა გზები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

უხვი თოვლის გამო ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ცენტრალურ გზაზე.

„მიმდინარებს გაწმენდითი სამუშაოები. ჯვარი-მესტიის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე რამდენიმე ადგილზეა ზვავი ჩამოწოლილი. დიდი თოვლია მოსული. დაახლოებით ერთ მეტრამდეა ნალექი მოსული გზებზე და გვიხდება ნელ-ნელა გაწმენდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

სამეგრელოს მსგავსად, ელექტროენერგია არ მიეწოდება სვანეთის ნაწილსაც. "ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღდგენით სამუშაოები და აბონენტებს ეტაპობრივად აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

XS
SM
MD
LG