Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო - როგორ შეიძლება ღია კარი საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯრად იქცეს?


როგორ უნდა მოემზადოს საქართველო იმისათვის, რომ ალიანსში გაწევრიანების ფანჯარა არ გამოტოვოს.
როგორ უნდა მოემზადოს საქართველო იმისათვის, რომ ალიანსში გაწევრიანების ფანჯარა არ გამოტოვოს.

როდის დადგება ნატოს გაფართოების შემდეგი ეტაპი და რაზე უნდა დახარჯოს საქართველომ დრო და ენერგია, სანამ მისთვის ალიანსში გაწევრიანების ფანჯარა გაიხსნება.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმ წევრებისთვისაც გამოკვეთა კრემლისგან მომდინარე საფრთხის რეალურობა და გარდაუვალობაც, რომლებსაც მანამდე სხვაგვარი რწმენა ჰქონდათ და როგორც რადიო თავისუფლებას "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე დათო სიხარულიძე ეუბნება, სჯეროდათ, რომ „რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის დაშოშმინება კრემლის დაუსრულებელი მოთხოვნების გათვალისწინებით იყო შესაძლებელი“.

სხვა საკითხია, როდის გარდაიქმნება საფრთხის მკაფიოდ აღქმა ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებად.

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებულმა პროცესმა აჩვენა, რომ შესაბამის გეოპოლიტიკურ ვითარებაში ცალკეული ქვეყნის დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების მაღალი ხარისხი, ალიანსთან თავსებადობა და ბლოკში ძლიერი მხარდამჭერების ყოლა უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.

ალიანსის შექმნის დღიდან, ნატო ცხრაჯერ გაფართოვდა. გასულ წელს ფინეთი გახდა ნატოს წევრი და სულ მალე ალიანსს შვედეთიც შეემატება 32-ე წევრად.

ანალიტიკოსები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, თანხმდებიან, რომ ნატოს გაფართოების შემდეგი ეტაპი მოსალოდნელია მხოლოდ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

„შესაძლებლობის ფანჯრის გაჩენა დამოკიდებულია ერთი შეხედვით ორ, ურთიერთგამომრიცხავ სიტუაციაზე: 1. ყველაზე სასურველზე საქართველოსთვის - როცა უკრაინა იგებს ომს, აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და შედის ნატოში, რაც აგრეთვე აჩენს ნატოს გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის მოლდოვისა და საქართველოსთვის; 2… თუ უკრაინა ვერ ახერხებს ომის მოგებას და თამაშდება ე.წ. კორეული სცენარი - როცა ქვეყანა ორად იყოფა ან გერმანიის სცენარი - როცა დასავლეთ გერმანია ნატოში შევიდა, ამ დროსაც შესაძლოა გაჩნდეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის შესაძლებლობის ფანჯარა“, - ამბობს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია.

დათო სიხარულიძე
დათო სიხარულიძე

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დათო სიხარულიძე თვლის, რომ ალიანსის გაფართოებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებისთვისაც აშკარა გახდა, რომ რომ „ევროპის ერთიანი უსაფრთხოების ნაწილი უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაც:

„სავარაუდოა, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგმება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, ეს პროცესი ავტომატური ვერ იქნება, ბევრია დამოკიდებული თვითონ კანდიდატი ქვეყნების ძალისხმევაზე“.

დათო სიხარულიძე დარწმუნებულია, რომ დროული და ეფექტიანი რეფორმების გატარების შემთხვევაში, საქართველოს ახლანდელ ვითარებაშიც ჰქონდა შანსი მისი გაწევრიანების საკითხი უფრო აქტუალური ყოფილიყო ნატოს მოკავშირეებისთვის.

თენგიზ ფხალაძე
თენგიზ ფხალაძე

„საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის“(ECIPE) უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად ხედავს მკაფიოდ აჩვენოს ალიანსს თავისი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ის ყველაზე საშურ საქმედ თვლის ნატოს ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო მადრიდის სამიტამდელ პოზიციას დაუბრუნდეს და წინსვლა შეძლოს:

„მადრიდის სამიტმა მიიღო ძალიან სუსტი დეკლარაცია, სადაც ძალიან დაკნინებული ვორდინგი იყო საქართველოსთან მიმართებით და ვილნიუსის ტექსტი საერთოდ ძალიან მძიმეა. ასეთი ცუდი ტექსტი არასდროს გვინახავს. ამიტომ, ამ მიმართებით არის სამუშაო ჩვენს პარტნიორებთან, რომ დავბრუნდეთ, როგორც მინიმუმ, იქ, სადაც ვიყავით და შემდგომ წავიწიოთ წინ“.

ნატოს 2023 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში საქართველოზე წერია:
„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გათვალისწინებით, შევთანხმდით პარტნიორებზე - ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ჩათვლით - მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ვითანამშრომლებთ მათი მთლიანობისა და მედეგობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განსავითარებლად და მხარს ვუჭერთ მათ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“.

ნატოს 2023 წლის ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე წერია:
„კვლავ ვადასტურებთ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის გავლით“.

ვილნიუსის სამიტზევე გადაწყდა, რომ უკრაინას ალიანსში გასაწევრიანებლად მაპი აღარ სჭირდება:
„დღეს ვაღიარებთ, რომ უკრაინის გზა სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროებას. უკრაინა სულ უფრო თავსებადი და ალიანსთან პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება და მიაღწია არსებით პროგრესს რეფორმების გზაზე“.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი, რომელიც საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც ნატოში ინტეგრაციის შემდეგ ნაბიჯად MAP-ს განსაზღვრავდა, შეიცვალა. ამის მთავარი მიზეზი იყო გზა, რომელიც უკრაინამ რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის მოგერიების პირობებში განვლო.

საქართველომ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ალიანსის წევრებმა MAP-ის ეტაპი მისთვისაც არასაჭიროდ ჩათვალონ - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ნატომდე ფინეთისა და შვედეთის მიერ გავლილ გზას საქართველოსთვისაც რელევანტურად თვლის ექსპერტთა ჯგუფი, რომელთა მოსაზრებები ახლახან გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტში („შემდეგი ეტაპი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში: დემოკრატიის დეფიციტის აღმოფხვრა“) გამოიყენეს GIP-ის ანალიტიკოსებმა. კვლევისთვის მოხმობილ ექსპერტთა ნაწილის აზრით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს დრო დემოკრატიის განვითარებისთვის და იზრუნოს თავდაცვის გაძლიერებაზე იმგვარად, , რომ „შესაძლებლობის ფანჯრის“ გაღების შემთხვევაში, ალიანსის ლიდერებს არ ჰქონდეთ კითხვები საქართველოს სრული ინტეგრაციის მართებულობაზე.

ლაშა ძებისაშვილი
ლაშა ძებისაშვილი

„უნდა ვაღიაროთ, უკრაინა გაცილებით რთულ მდგომარეობაში იმყოფება - მისთვის შესაძლებლობის ფანჯარა არის, როგორც მინიმუმ - დაიბრუნოს ტერიტორია სამხედრო გზით. როგორც კი ის გავა საზღვარზე და ამის საფუძველზე მოხდება დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინა შევა ნატოში და მასზე გავრცელდება გარანტიები. ანუ, უკრაინისთვის აუცილებელი პირობაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და უკრაინა აღარ არიან ერთ კალათაში და ნატოში შესაძლებლობის ფანჯარა ამ ორი ქვეყნისთვის სხვადასხვა პირობებში შეიქმნება.

იგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა ქვეყანას სხვა გამოსავალს არ უტოვებს, გარდა იმისა, რომ სამხედრო გზით გაათავისუფლოს ტერიტორია. უკრაინაში დემოკრატიის განმტკიცება და პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერება მისი შეფასებით მეორეხარისხოვანი იქნება ნატოში მის გაწევრიანებაზე გადაწყვეტილების მიღებაში:

„როგორც კი პირველი პირობა შესრულდება, მეორე პირობის გათვალისწინების გარეშე მოხდება უკრაინის გაწევრიანება ნატოში“.

საქართველოს შემთხვევაში, ლაშა ძებისაშვილი ორ აუცილებელ ფაქტორად ასახელებს: დემოკრატიისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ის აზუსტებს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არ გულისხმობს რუსეთის გაღიზიანებას:

„მაგრამ თანმიმდევრულად ქმნის ყველა წინაპირობას იმისთვის რომ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, როგორც მინიმუმ, იმ დონემდე მივიდეს, ნატომ დაიჯეროს, რომ საქართველოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკუთარი ძალებით შეეძლება (მიუხედავად იმისა, რა მოხდება უკრაინაში), რუსული ქვედანაყოფების შეკავება, სანამ ნატოს ქვედანაყოფები ჩამოაღწევენ ჩვენს დასახმარებლად.

...ამ ორი პირობის [თავდაცვისუნარიანობისა და დემოკრატიის გაძლიერება] უზრუნველყოფა შექმნის მყარ საფუძველს ნატოს მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად და ალიანსში საქართველოს სწრაფი გაწევრიანებისთვის მექანიზმების შესამუშვებლად".

ძებისაშვილის აზრით, ნატოსთან ერთად ფართომასშტაბიანი წვრთნების ჩატარებას, ამ წვრთნის შემდგომ ნატოს ქვედანაყოფების საქართველოს ტერიტორიაზე დატოვება შექმნიდა რუსეთის სამხედრო შეკავების რეალურ ფაქტორს, რომ ნატოში გაწევრიანებამდე რუსეთს არ მიეცეს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საქართველოში სიტუაციის არევისა და მისი იმგვარად შეცვლის საშუალება, რომ ნატომ არ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.

დათო სიხარულიძე ნატოში გაწევრიანების პროცესის წარმატებისთვის საქართველოს საქმეს სამი ძირითადი მიმართულებით აღწერს, ესენია: დემოკრატიული რეფორმები, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და საგარეოპოლიტიკური ძალისხმევის გაზრდა. „მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროს რეფორმების განხორციელება ნატოსთან და აშშ-სთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, რაც ჩვენი თავდაცვის სისტემის ნატოსთან თავსებადობას უზრუნველყოფს“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ თავდაცვის ბიუჯეტისადმი პასუხისმგებლური მიდგომა ნიშნავს თავდაცვის ბიუჯეტის მინიმუმ მშპ-ს 2% -მდე გაზრდას, საიდანაც მინიმუმ 20% უნდა მოხმარდეს შეიარაღების შესყიდვასა და მოდერნიზაციას.

გასულ ზაფხულში, ვილნიუსში შეხვედრისას, ალიანსის ლიდერებმა დაამტკიცეს მკაფიო გზავნილი: ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა აჩვენოს პროგრესი რეფორმებში, დემოკრატიული რეფორმების ჩათვლით და მაქსიმალურად გამოიყენოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP)“ - განუცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ საქართველოს პარლამენტის სპიკერს გასული წლის დეკემბერში ნატოს შტაბბინაში მასპინძლობისას. გენერალური მდივნის მოადგილემ გაიმეორა ნატოს ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში საქართველოს შესახებ აბზაცის ის ნაწილი, რომელშიც რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა იყო ხაზგასმული.

„რისთვის ვემზადებით? რა ტიპის, რა რაოდენობით და რა შესაძლებლობების ჯარი უნდა გვყავდეს? დღეს ეს არ ჩანს. როგორც კი ეს გამოჩნდება, რაც გულისხმობს [ნაბიჯებს] ძირითადი სამხედრო შეიარაღების შემოტანის და ათვისების თვალსაზრისით, და რაც მთავარია, პოლიტიკური და ფინანსურ-რესურსობრივი დაგეგმვის გრძელვადიანი მექანიზმების დანერგვის კუთხით, ამას ნატო დაინახავს“ - ამბობს ლაშა ძებისაშვილი, რომელიც თვლის რომ თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია საქართველოსთვის.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG