თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს, რომ „დაინტერესებულია“ უნივერსიტეტში „მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით“ და მისი „ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას“.
ამავე დროს, უნივერსიტეტი „მიუღებელს“ და „დესტრუქციულს“ უწოდებს სტუდენტების მიერ კანცელარიის დაკავებას და წერს, რომ ეს ქმედება „ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხელს უშლის სასწავლო პროცესს და, ზოგადად, საუნივერსიტეტო ცხოვრებას“.
„მიგვაჩნია, რომ დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის საუნივერსიტეტო ეთიკის ფარგლებში დაბრუნდება“, - წერია თსუ-ის განცხადებაში.
მანამდე თსუ-ის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტი „არ არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ძალისმიერი მეთოდებით ქმედებები“ და „გამართლება არა აქვს სივრცეებში შეჭრას“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ პროტესტისას დაკავებულ ლექტორს უჭერენ მხარს, მეორე დღეა, დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ.
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრი, ტატო ჩანგელია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სტუდენტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა შემოუერთდეს მისივე ლექტორის, დაკავებული აკაკი ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნას და უნივერსიტეტი გაიფიცოს მანამ, სანამ მას, თანამოაზრესთან, ილიაუნის დოქტორანტ გიორგი ხასაიასთან ერთად, არ გაათავისუფლებენ.
23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან.
პოლიციამ გამოსახლების წინააღმდეგ გამოსული 20 ადამიანი დააკავა. 2 მათგანი - სისხლის სამართლის წესით.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულები არიან სოციალურ საკითხებზე აქტიური მოძრაობა „ხმის“ დამფუძნებელი წევრები: გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა.
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია.
გიორგი ხასაია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.
მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.