Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გასაჯაროებული დოკუმენტით, ელცინი ნატოში რუსეთის შესვლას ემხრობოდა


ფოტო არქივიდან. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ბილ კლინტონი(მარცხნივ) და ბორის ელცინი ჰელსინკის სამიტზე. 1997 წ.
ფოტო არქივიდან. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ბილ კლინტონი(მარცხნივ) და ბორის ელცინი ჰელსინკის სამიტზე. 1997 წ.

ბორის ელცინს, რომელიც 1991-1999 წლებში რუსეთის პრეზიდენტი იყო, ნატოში რუსეთის გაწევრიანების მხარდამჭერი პოზიცია ჰქონდა. ეს ირკვევა აშშ-ის მთავრობის მიერ გასაჯაროებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან, რომელიც 25 იანვარს გამოაქვეყნა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა National Security Archive.

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიერ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილი დოკუმენტი ეხება ვახშამს, რომელიც 1994 წლის იანვარში, რუსეთში აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ვიზიტისას გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში. ამ დოკუმენტის თანახმად, ნატოს მომავალ გაფართოებაზე საუბრისას ელცინმა კლინტონს უთხრა, რომ რუსეთი უნდა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც ნატოში შევა და მას მიჰყვებიან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, ელცინი საუბრობდა მსოფლიო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აშშ-ის, რუსეთისა და ევროპის ერთგვარი კარტელის შექმნაზეც. კლინტონის პასუხი ფრთხილი იყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუბრობდა ნდობით გამსჭვალული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და უნიკალურ შანსზე, რომ თუ რუსეთი კურსს არ შეიცვლის, შეძლებენ ევროპის ქვეყნებისთვის საუკუნოვანი მშვიდობის გარანტირებას.

აშშ-ში გასაჯაროებული საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც კლინტონმა და ელცინმა 1994 წლის იანვარში გამართულ ამ შეხვედრაზე ილაპარაკეს, ეხებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსული სამშვიდობო ძალების ყოფნას. ელცინი ამბობდა, რომ ეს ძალები მოლდოვასა და საქართველოში კონსტრუქციულად მოქმედებდნენ და უარყოფდა რუსეთის იმპერიულ მისწრაფებებს.

  • ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი ნატოში 1999 წელს მიიღეს, ნაწილი, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კი - 2004 წელს.
  • რუსეთის დღევანდელმა პრეზიდენტმა პუტინმა, რომელიც ხელისუფლების სათავეში ჯერ კიდევ ელცინის გადადგომის შემდეგ, 2000 წლიდან მოვიდა, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრამდე მოითხოვა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდნენ.
  • მანამდე, 2008 წელს, საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
  • 2014 წელს რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული.

XS
SM
MD
LG