დღეს, 25 იანვარს, 100 დღე შესრულდა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას დაპატიმრებიდან.
რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, სტივენ კაპუსის განცხადებით, „ერთი დღითაც კი გისოსებს მიღმა უსამართლო პატიმრობა ტრაგედიაა, მაგრამ უსამართლოდ ამყოფო აშშ-ის მოქალაქე რუსულ ციხეში 100 დღის განმავლობაში, ეს უბრალოდ აღმაშფოთებელია. ალსუ არის ცოლი, დედა და ჩვენი ორგანიზაციის საყვარელი თანამშრომელი, რუსეთმა ის დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ალსუს მალე ცნობს „უსამართლოდ დაკავებულად“, - აცხადებს კაპუსი.
ალსუ კურმაშევას აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. დაკავებამდე ის ქმართან და შვილებთან ერთად პრაღაში ცხოვრობდა. გასული წლის მაისის შუა რიცხვებში ის ოჯახური მდგომარეობის გამო მშობლიურ ქალაქ ყაზანში ჩავიდა.
„თქვენ აღგაფრთოვანებთ ჩემი სიმამაცე, მაგრამ მე სახლში ჩავედი „ასეთ დროს“, - წერდა ალსუ საპატიმროდან 18 იანვარს. „მაგრამ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ და 'სხვა' დროება ჩვენ არ გვექნება. 'დრო', რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ შეიძლება აღარ იყოს რომელიმე ახლობელი, რომელსაც ახლა სჭირდება დახმარება... მე ჩემი ოჯახის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა, მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცი დედის წინაშე“.
2023 წლის 2 ივნისს გაფრენის წინ ალსუ ყაზანის აეროპორტში დააკავეს. მას ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. რამდენიმე დღეში ჟურნალისტის მიმართ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე მეორე მოქალაქეობის შესახებ შეუტყობინებლობაზე. მას გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს, საქმის გამოძიება რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ოქტომბერში ყაზანის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 10 ათასი რუბლით დააჯარიმა.
განაჩენის გამოცხადებიდან ერთ კვირაში, 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი კვლავ დააკავეს. მას სისხლის სამართლის ახალი ბრალდება წარუდგინეს. ალსუ კურმაშევას ბრალი ედება იმაში, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ წარუდგინა თავისი საბუთები „უცხოეთის აგენტთა“ რეესტრში შესაყვანად. ეს ამ მუხლით პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა.
23 ოქტომბერს ალსუ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. თვე-ნახევრის შემდეგ ჟურნალისტის მიმართ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რუსული არმიის წინააღმდეგ „სიყალბის“ გავრცელების ბრალდებით, რასაც საფუძვლად დაედო Idel.Реалии-ს რედაქციის მიერ გამოქვეყნებული წიგნი „არა ომს. 40 ისტორია რუსებზე, რომლებიც უკრაინაში შეჭრას ეწინააღმდეგებიან“.
წიგნი ალსუ კურმაშევას თანარედაქტორობით რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირულმა სამსახურმა 2022 წლის აგვისტოში გამოსცა. წიგნში თავმოყრილია რუსეთის ვოლგისპირეთის რეგიონის იმ 40 მოქალაქის ისტორიები, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გაილაშქრეს.
თებერვალში ალსუს პატიმრობის ვადის გაგრძელებას მოელიან.
- ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "მემორიალმა" ალსუ კურმაშევა პოლიტპატიმრად აღიარა.
- ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, „კოალიციამ ქალები ჟურნალისტიკაში“, "ეროვნულმა პრესკლუბმა", "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა" და კიდევ 12-მა ორგანიზაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, მიმართეს მოწოდებით, „დაჩქარდეს პროცესი და დაუყოვნებლივ გამოცხადდეს“ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა „არამართლზომიერად დაკავებულად“. ამის შესახებ Idel.реалии იტყობინება.
- ალსუ კურმაშევას დაკავება დაგმეს კანადის, ჩეხეთის, საფრანგეთის, პოლონეთისა და შვედეთის მთავრობებმა, ასევე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ. ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმამ ალსუს გათავისუფლებისკენ მოუწოდა.