Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელებმა ერაყში დაარტყეს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების პოზიციებს


ფოტო არქივიდან. ახლო აღმოსავლეთის მისიაში მონაწილე აშშ-ის და საუდის არაბეთის ბომბდამშენები
ფოტო არქივიდან. ახლო აღმოსავლეთის მისიაში მონაწილე აშშ-ის და საუდის არაბეთის ბომბდამშენები

ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ერაყის ტერიტორიაზე, დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა 23 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, მაღალი სიზუსტით დაარტყეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ამ და სხვა დაჯგუფებების სამ ობიექტს.

ოსტინის თანახმად, ეს იყო პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების თავდასხმებზე ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ და საერთაშორისო კოალიციის სამხედროებზე. აშშ ირანს და მის მომხრე დაჯგუფებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის მიიღებენ ადეკვატურ პასუხს.

ტელეკომპანია CNN-ს ერაყის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა აცნობა, რომ ამერიკელების დარტყმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი. დაჯგუფება „კატაიბ ჰეზბოლას“ მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია მისი ერთი წევრი.

ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. CNN-ის წყაროთა ცნობით, 2023 წლის 17 ოქტომბრიდან სულ მცირე 151 თავდასხმა იყო.

ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 - მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ პარტნიორებს ეხმარებიან ბრძოლაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.

XS
SM
MD
LG