Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ცნობით, ერაყში ლიკვიდირებულია ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფების ლიდერი


საილუსტრაციო ფოტო. ალ-ასადის ბაზა ერაყში, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან
საილუსტრაციო ფოტო. ალ-ასადის ბაზა ერაყში, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში მოკლეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბის“ ლიდერი მუშტაკ ჯავად კაზიმ ალ-ჯავარი. ამის შესახებ 4 იანვარს განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პეტ რაიდერმა.

გენერალ რაიდერის ინფორმაციით, ერაყსა და სირიაში მოქმედი დაჯგუფების მეთაური აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. რაიდერის ცნობით, ერაყში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა საჰაერო დარტყმა 4 იანვარს, შუადღისით, განახორციელეს. პენტაგონის პრესმდივნის თანახმად, თავდაცვის მიზნით ჩატარებული ოპერაციისას სამოქალაქო პირები არ დაშავებულან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

ერაყის მედიის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებიდან ბაღდადის მახლობლად სამი რაკეტით დაარტყეს ავტომობილს, რომელშიც ალ-ჯავარი და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდნენ. ერაყის მთავრობამ ეს ოპერაცია გააკრიტიკა და გაუმართლებელი უწოდა.

ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე თავდასხმები გახშირდა 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასს შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ამ თავდასხმებში ირანთან კავშირის მქონე დაჯგუფებებს ადანაშაულებს, არაერთი საპასუხო ოპერაცია ჩაატარა.

ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 - მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ პარტნიორებს ეხმარებიან ბრძოლაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.

XS
SM
MD
LG