Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე მორიგი თავდასხმა იყო


საილუსტრაციო ფოტო. ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები
საილუსტრაციო ფოტო. ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები

ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკულ სამხედრო კონტინგენტზე კიდევ 4 თავდასხმა იყო. სააგენტო Reuters-ს ამერიკელმა სამხედრო ჩინოსანმა აცნობა, რომ 23 ნოემბერს რამდენიმე რაკეტით და დრონით შეტევა განხორციელდა სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ორ ობიექტზე, სადაც ამერიკული და საერთაშორისო კოალიციის ძალები არიან დისლოცირებული. ერაყში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე და ერბილის აეროპორტის მახლობლად დისლოცირებულ ამერიკელ სამხედროებზე. წყაროს ცნობით, თავდასხმების მოგერიებას მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება არ მოჰყოლია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ირანთან კავშირის მქონე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, რომელიც თავს „ისლამურ წინააღმდეგობას“ უწოდებს.

ერაყსა და სირიაში ამერიკულ სამხედრო კონტინგენტზე შეტევები გახშირდა ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის გამო დაწყებული ომის შემდეგ. ვაშინგტონი ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

პენტაგონის მონაცემებით, 17 ოქტომბრიდან ერაყსა და სირიაში ამერიკულ ძალებზე 66 თავდასხმა იყო. პასუხად, ამერიკულმა ავიაციამ არაერთხელ დაბომბა ირანთან კავშირის მქონე დაჯგუფებების ობიექტები.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო ასეთი ოპერაცია 21 ნოემბერს ჩატარდა მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ბალისტიკური რაკეტით შეუტია ერაყში, ალ-ასადის ავიაბაზაზე მყოფ ამერიკელ და საერთაშორისო კოალიციის სამხედროებს. პენტაგონის თანახმად, შეტევას სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.

აშშ აცხადებს, რომ ესკალაციას ეწინააღმდეგება, თუმცა თავის სამხედრო მოსამსახურეებს და ეროვნულ ინტერესებს ყველა საშუალებით დაიცავს.

ერაყში იმყოფება 2500 ამერიკელი სამხედრო და კიდევ 900 - მეზობელ სირიაში. ამერიკელები ადგილობრივ პარტნიორებს ეხმარებიან ბრძოლაში ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“, რომელმაც 2014 წელს დაიპყრო ამ ქვეყნების ნაწილი.

XS
SM
MD
LG