15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ათ წუთზე ნაკლებ დროში დასრულდა სხდომა 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე. ამ სხდომაზე გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს დაეკითხათ დაცვის მხარის სამი მოწმე და ითხოვეს მომდევნო პროცესი შემაჯამებელ სიტყვებს დაეთმოს. წინა სასამართლო სხდომაზე, 21 დეკემბერს, ისევ გრიგორიადისის ადვოკატების მოთხოვნით, სასამართლომ უდავოდ გახადა პროკურატურის 12 მოწმის ჩვენება, რის გამოც მათი სასამართლოში დაკითხვის საჭიროება მოიხსნა. ვინაიდან სასამართლოს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი უკვე გავლილი აქვს, შემაჯამებელი სიტყვების შემდეგ მოსამართლე უკვე განაჩენის გამოსატანად გავა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ მომდევნო სასამართლო სხდომა 26 თებერვალს ჩანიშნა.
სასამართლო პროცესის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა სასამართლოს ეზოში.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა გრძელდება - ეს დრო სასამართლოს მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებების გამოსაკვლევად დასჭირდა.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.