Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავაში გაიმართა ხალხმრავალი აქცია პრემიერ ტუსკის მთავრობის წინააღმდეგ


პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ანტისამთავრობო მიტინგზე. ვარშავა. 2024 წლის 11 იანვარი
პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ანტისამთავრობო მიტინგზე. ვარშავა. 2024 წლის 11 იანვარი

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ცენტრში გაიმართა ოპოზიციის მხარდამჭერთა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია. პოლონეთის პარლამენტთან 11 იანვარს, საღამოს, შეკრებილი დემონსტრანტები, რომელთა შორის ყოფილი მმართველი პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის“ მხარდამჭერები სჭარბობდნენ, პოლონეთის ახალი ლიბერალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის და მისი მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ვარშავის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, აქციაში 35 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ ირწმუნება, რომ დემონსტრანტების რიცხვი 200 ათასამდე იყო.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ტუსკს პოლონეთის ღალატში ადანაშაულებდნენ. „დოიჩე ველეს" ცნობით, მიტინგზე გამოსვლისას პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი პოლონელების სამშობლოს ლიკვიდაციას აპირებს, დონალდ ტუსკი კი გერმანიის მითითებით მოქმედებს.

პოლონეთში კონსერვატიული პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის" 8-წლიანი მმართველობა დასრულდა 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად. პოლონეთის მთავრობაში მოვიდა ლიბერალური კოალიცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით.

ახალი მთავრობა, რომელიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს სასამართლოს, მედიის და საჯარო მოხელეების დამორჩილებაში, პოლონელებს ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას დაჰპირდა.

XS
SM
MD
LG