Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვზე სარაკეტო შეტევისას დაშავებულთა შორის საქართველოს და თურქეთის მოქალაქეები არიან


საილუსტრაციო ფოტო. ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობები და ავტომანქანა. 2024 წლის 2 იანვარი
საილუსტრაციო ფოტო. ხარკოვზე სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული შენობები და ავტომანქანა. 2024 წლის 2 იანვარი

სულ მცირე 11 ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის საოკუპაციო ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ხარკოვის მერია და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებიან. ხარკოვზე სარაკეტო იერიში 10 იანვარს, ღამით, განხორციელდა.

საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე, რომლებიც თურქული მედიის წარმომადგენლები არიან. რომელი მედიასაშუალების, დაკონკრეტებული არ არის.

ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროზე, სადაც 30 სამოქალაქო პირი, მათ შორის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ტერეხოვის ცნობით, სასტუმროს გარდა, დაზიანებულია ორი სახლი, ავტოსალონი და საწარმოს შენობა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ხარკოვის ცენტრში, 3-სართულიან სასტუმროსთან, სარაკეტო დარტყმის შედეგების ამსახველი ფოტოები.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, 11 დაშავებულიდან საავადმყოფოში გადაყვანა 9-ს დასჭირდა. მათგან ერთის, 35 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.

დეკემბრის ბოლოდან რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ქალაქ ხარკოვს თითქმის ყოველდღე უტევენ.

XS
SM
MD
LG