აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით "გვაქვს პოზიტივი", თუმცა ელჩი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. პარლამენტში, ჟურნალისტების კითხვების პასუხად, მან თქვა, რომ საკითხი სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობის შესაბამისად გადაწყდება.
"გვაქვს პოზიტივი, რომელსაც ახლა ვერ გავაჟღერებ. შესაბამისად, ეს საკითხი აუცილებლად იქნება გადაწყვეტილი ისე, როგორც ნამდვილად შეეფერება სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობას... შარშანწინ, პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით საქართველოში. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში წელს ორჯერ. დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარება ქალაქ ბაქოში, გაზაფხულზე. ვფიქრობ, ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება საშუალება, მივიღოთ კონკრეტული შედეგები", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
2020 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა, 8 ოქტომბერს კი სასამართლომ ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის, დავითგარეჯის მონასტრის მონაკვეთთან.