Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამინისტრო: სუროგაციის, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და ინსემინაციის მონაცემები ერთიან რეესტრში იანვრიდან აისახება


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის იანვრიდან ერთიან რეესტრში აისახება სუროგაციასთან, ინ ვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები.

ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც რეპროდუქციული პროცედურები ტარდება, ახალი წლიდან ვალდებული ხდება, ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს ინფორმაცია გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ.

"ცვლილების მიზანი მომსახურების ხარისხის, პროცესის ზედამხედველობა, ასევე - აღნიშნული მასალებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების მიკვლევადობაა. რეესტრში ყველა ინფორმაცია განთავსდება პირადი მონაცემების დაცვით და იქნება კონფიდენციალური. დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

2023 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის ინიციატივით, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება უცხოელი წყვილებისთვის სუროგაცია და ამ მომსახურების მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

მთავრობისვე ინიციატივით, კანონით უნდა დარეგულირებულიყო სუროგატი დედის ანაზღაურების საკითხიც, რომელიც, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, „მხოლოდ უანგარობის პრინციპს“ დაეფუძნება. მისი თქმით, სუროგატ დედას საშუალება ექნება, მიიღოს „ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან - ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მერე მშობიარობას და აი, ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“.

XS
SM
MD
LG