Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის მაუწყებლიდან გაშვებული თეონა ბაკურიძის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა


თეონა ბაკურიძე აჭარის მაუწყებელში მუშაობის დროს
თეონა ბაკურიძე აჭარის მაუწყებელში მუშაობის დროს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის, თეონა ბაკურიძის სარჩელი. ტელეწამყვანი ითხოვდა, გაუქმებულიყო ტელევიზიის იმდროინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილება.

სასამართლო გადაწყვეტილება დღეს, 27 დეკემბერს, 17:00 საათზე გამოცხადდა.

ჟურნალისტის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იცავდა. ორგანიზაციის იურისტი ანა ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება განმარტების გარეშე გამოაცხადა.

ჟურნალისტი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, ითხოვდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, განაცდური თანხის ანაზღაურებას და ასევე - თანამდებობაზე აღდგენას.

გიორგი კოხრეიძემ აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე სამსახურიდან 2020 წლის 13 მარტს გაათავისუფლა. კოხრეიძის დირექტორობის განმავლობაში, არხის არაერთმა თანამშრომელმა გააპროტესტა ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში გაჩენილი პრობლემები.

გიორგი კოხრეიძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მუშაობის შემდეგ აირჩიეს. დირექტორობის 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც "ქართული ოცნებაა", საზოგადოებრივ მაუწყებელში ის აირჩია მეურვედ, 6-წლიანი ვადით.

XS
SM
MD
LG