Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად აირჩიეს


ფოტოკოლაჟი: გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე
ფოტოკოლაჟი: გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ წევრებად აირჩია გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე. მათ კანდიდატურებს კენჭი უყარეს 1 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე.

მათ 6-წლიანი ვადით არჩევას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ორივე კანდიდატი მანამდე შეარჩია აჭარის უმაღლესმა საბჭომ, რომლის უმრავლესობაშიც პარტია "ქართული ოცნებაა".

  • გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად უკვე მუშაობდა, შემდეგ მან დაიკავა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა. მისი დირექტორად მუშაობის დროს არაერთხელ დასმულა სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვები - მან თანამდებობიდან გაათავისუფლა თანამშრომლების ნაწილი;
  • თამილა დოლიძე წლების წინ მუშაობდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ბოლოს კი იყო ამავე არხის სამეურვეო საბჭოს წევრი.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით, მაუწყებლობის კანონში 2023 წელს შეტანილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო გაუქმდა და მის ნაცვლად რეგიონს 1-ის ნაცვლად 3 წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში.

უფრო ადრე, პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც "ქართული ოცნებაა", შეცვალა კანონი და დაუშვა სამეურვეო საბჭოში კანდიდატის ორი ვადით მუშაობის შესაძლებლობა. რომ არა ეს ცვლილება, გიორგი კოხრეიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში მეურვედ ვეღარ დასაქმდებოდა.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭო წარმომადგენლობითი ორგანო იყო. ის ირჩევდა მაუწყებლის დირექტორს, ამტკიცებდა ბიუჯეტს და განსაზღვრავდა პროგრამულ პრიორიტეტებს. ასევე, აკონტროლებდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს. მრჩეველთა საბჭოს 5 წევრს აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი პარტიები ირჩევდნენ, მანდატების რაოდენობის მიხედვით.

XS
SM
MD
LG