ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს მთამსვლელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, 40 წელს გადაცილებულ კაცთან კომუნიკაცია 23 დეკემბრის შემდეგ ვერ მყარდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცხედარი მაშველებმა იპოვეს. დაკარგული მთამსვლელის ძებნის სამუშაოებს მაშველებთან ერთად კერძო ვერტმფრენი ატარებდა, დღეს კი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
"გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მთამსვლელი მყინვარწვერზე ჯგუფთან ერთად იყო წასული. მას ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.