Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაციენტების მკურნალობის ხარჯების ხელოვნურად გაზრდის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს


საილუსტრაციო ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკა. 6 ოქტომბერი, 2020 წელი.
საილუსტრაციო ფოტო: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკა. 6 ოქტომბერი, 2020 წელი.

შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი“-ს დირექტორს და ამავე დაწესებულების ფარმაცევტს, პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების საქმეზე ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, 2021 წლის პირველი აგვისტოდან 2022 წლის პირველ იანვრამდე შპს „მარნეულის სამედიცინო ცენტრი ადიკი”-ს დირექტორმა, ამავე საავადმყოფოში „COVID 19“-ის დადასტურებული შემთხვევების მკურნალობისთვის მოთავსებულ პაციენტებზე გაწეული სამედიცინო კვლევების საერთო ღირებულება ხელოვნურად გაზარდა 93 619,48 ლარით, რისი ანაზღაურებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციითვე, ბრალდებულმა, ამავე დაწესებულების ფარმაცევტთან ერთად COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების თერაპიულ მკურნალობაზე გაწეული დანახარჯი 14 412.86 ლარით ხელოვნურად გაზარდეს, რაც სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ზედმეტად გადაიხადა.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით [მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით] წარედგინათ.

ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

XS
SM
MD
LG