ოკუპირებული ახალგორის რაიონში, წინაგარის ზონის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ს ოკუპირებული რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ანჟელა კოკოევამ განუცხადა.
მისი თქმით, მესამე დღეა რაიონში გადაუღებლად თოვს და პრობლემები ამან შექმნა. მისივე ცნობით, უხვმა ნალექმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება გამოიწვია.
"ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებული ადგილი ენერგეტიკოსებმა ჯერ ვერ დაადგინეს. სოფელ ზაყორში იმდენად დიდია თოვლის საფარი, რომ იქ გადაადგილება შეუძლებელია და ადგილზე სპეციალური ბრიგადა ვერ გადის. თუმცა სპეციალისტები მანამდე იმუშავებენ, ვიდრე სოფლებს დენის მიწოდება არ აღუდგება", - განაცხადა კოკოევამ.
ოკუპირებული ახალგორის რაიონის ელექტრო ქსელის ხელმძღვანელის, ხაზბი ტიგიევის თქმით, ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში ელექტრიკოსების ორი ჯგუფია ჩართული და ისინი ახლა დაზიანებული მონაკვეთების ძებნით არიან დაკავებული.