Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალტ-ინფოს" ლიდერებმა თბილისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს


ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის კადრები. 22 დეკემბერი, 2023 წელი
ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის კადრები. 22 დეკემბერი, 2023 წელი

ქართული პრორუსული პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებმა ზურაბ მახარაძემ და ირაკლი მარტინენკომ თბილისის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს და ადგილზე დაწვეს. შესაბამისი ვიდეო პროპაგანდისტული მედია "ალტ-ინფოს" გვერდზე გავრცელდა, სადაც ჩანს დროშის ჩამოხსნის და ცეცხლის წაკიდების კადრები. ვიდეოში არ ჩანს მერიის დაცვის მხრიდან რაიმე რეაგირება.

მახარაძემ და მარტინენკომ დროშის დაწვით მხარდაჭერა გამოუცხადეს ლაშა შარუხიას, რომელსაც ბრალი წარუდგინეს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის საქმეზე.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ლაშა შარუხიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალდება სხვისი ქონების დაზიანების [სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი] ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, როგორ წვავდნენ მართლმადიდებელი მღვდლები ევროკავშირის დროშებს.

უცნობია, დაიწყო თუ არა თბილისის მერიასთან მომხდარის გამო გამოძიება. ამ საკითხზე რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება პასუხს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეებმა საქართველოში საჯარო დაწესებულებიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. 2023 წლის მარტში საქართველოს პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისთვის და დაწვისთვის „ალტ-ინფოს" წარმომადგენელი ზურა მახარაძე და მისი ოთხი თანამოაზრე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

თუმცა იმ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით იხელმძღვანელეს, რომლის თანახმად, „საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით".

XS
SM
MD
LG