Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში" - კობახიძე ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე


ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების" თავმჯდომარე

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას საქართველო 2024 წლის დეკემბერში იმსახურებს. თუმცა, როგორც ის ამბობს, ეს პოლიტიკური საკითხია და სამართლიანი გადაწყვეტილების იმედს გამოთქვამს.

„არ იქნება 2024-ში, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024-ში უნდა იყოს უკვე მიღებული ეს გადაწყვეტილება. შარშანაც გვეკუთვნოდა უკვე მოლაპარაკებების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება. თუმცა პოლიტიკური საკითხია, ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა და მით უმეტეს გვეკუთვნის ეს 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, რომ მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კობახიძის თქმით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე ადრე გახდება ევროკავშირის წევრი.

„როდის იქნება ეს, არის ცალკე საკითხი, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში", - აღნიშნა კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე და დაამატა, რომ საქართველო ამ ორ ქვეყანას უსწრებს: „საბოლოო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას, მით უმეტეს ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც არის უკრაინაში და რაც გავრცელდა მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად უფრო წინ ყველა თვალსაზრისით. ასეთ პირობებში ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მართალია გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათზე ბევრად უფრო ადრე შევალთ ევროკავშირში“.

14 დეკემბერს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა, ევროკომისიის მიერ 2023 წლის ნოემბერში გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, მხარი დაუჭირეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყებას მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა შესაბამის კრიტერიუმებს მიაღწევს.

გაწევრიანების საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკების დასაწყებად, ევროკავშირი ცხრა ნაბიჯის შესრულებას მოითხოვს.

XS
SM
MD
LG