Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო აღარ დაკითხავს ბრალდების 12 მოწმეს


ლაზარე გრიგორიადისი საკუთარ სასამართლო სხდომაზე. 21 დეკემბერი, 2023 წელი
ლაზარე გრიგორიადისი საკუთარ სასამართლო სხდომაზე. 21 დეკემბერი, 2023 წელი

21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნახევარ საათს გაგრძელდა 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი. მას გამოძიება ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურებას ედავება. ამ სხდომაზე პროკურატურას დასაკითხად მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდა დაბარებული და მისმა გამოკითხვამ სულ სამ წუთს გასტანა.

მოწმე, რომელიც სასამართლომ დღეს გამოჰკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის გრაფიკოს- მემონტაჟე ლაშა პეტრიაშვილია. მან გადასცა გამომძიებელს გარე ვინჩესტერით ის კადრები, რომლებიც მისმა კოლეგებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებმა, გადაიღეს აქციების მსვლელობისას - სხვა შემხებლობა ამ მოწმეს საქმესთან არ აქვს.

გრიგორიადისის ადვოკატებმა მოწმის გამოკითხვის შემდეგ მოსამართლეს შესთავაზეს, უდავოდ გაეხადა იმ 12 მოწმის ჩვენებები, რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული და ასე დაეჩქარებინათ პროცესი, რომელსაც, დაცვის მხარის მოსაზრებით, პროკურატურა შეგნებულად აჭიანურებს. მოსამართლე ზვიად შარაძემ ადვოკატების ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სხდომაზე, 15 იანვარს, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეებს გამოჰკითხავს.

21 დეკემბერს მოსამართლემ განიხილა ასევე ბრალდების მხარის შუამდგომლობა, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა საინფორმაციო სააგენტო ipn-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუ ლაზარე გრიგორიადისთან, რომელშიც, პროკურორის თქმით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

“ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი წერილში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან ნამდვილად ისროლა “მოლოტოვის კოქტეილი”. აღნიშნული საიტის [“ინტერპრესნიუსი”] დათვალიერება მოხდა გამოძიების მიერ და, რა თქმა უნდა, დათვალიერების ოქმში დაფიქსირებულ იქნა ის შინაარსი, რაც პირდაპირ მიუთითებს დანაშაულებრივ ქმედებაზე. შესაბამისად, ვითხოვთ როგორც დათვალიერების ოქმის, ისე აღნიშნული წერილის დამატებითი მტკიცებულების სახით დართვას”, - თქვა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდებულის დაცვის მხარე ცდილობდა სასამართლოსთვის აეხსნა, რომ საინფორმაციო სააგენტომ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილიდან ფრაგმენტები ისე გაავრცელა, რომ მასში არ იკითხებოდა კონტექსტი და ლაზარე გრიგორიადისის სარკასტული და ირონიული ტონი. თავად გრიგორიადისის განმარტებით კი, ამ მასალაში არ ჩანდა, რომელ კითხვაზე რას პასუხობდა და ეს შეუძლებელს ხდიდა მისი პასუხების შინაარსის სწორად აღქმას.

“საუბარი იმაზე, რომ ბრალდებულის ეს განცხადება მიღებული იქნება როგორც პირდაპირი მტკიცებულება, რომ ვინმე რამეს აღიარებს [არასწორია], პირდაპირ გეუბნებით, რომ არ მიიღებს სასამართლო ამას, როგორც აღიარებას”, - თქვა მოსამართლემ, როცა ასაბუთებდა საკუთარ გადაწყვეტილებას, რატომ მიიჩნია საჭიროდ ამ ინტერვიუს დართვა საქმის მასალებისთვის მტკიცებულებად. მისი განმარტებით, გრიგორიადისი სრული სერიოზულობითაც რომ წერდეს მედიისთვის გაგზავნილ წერილში მის მიერ “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის შესახებ, ეს აღიარებად და მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

საინფორმაციო სააგენტო ipn-მა ლაზარესგან მიღებული წერილი 12 დეკემბერს გამოაქვეყნა - ამ წერილის შინაარსზე დაყრდნობით ამავე დღეს ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ლაზარე გრიგორიადისი მისთვის წაყენებულ ბრალს აღიარებს.

„მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ“ - ეს არის ფრაზა, რომელიც დანაშაულის აღიარებად იქნა მიჩნეული მედიის მხრიდან.

ამავე წერილში გრიგორიადისი წერდა: „რუსული კანონის გაპროტესტების დროს, ჩვენ არამარტო კანონს ვაპროტესტებდით, არამედ, ვიცავდით ჩვენ ევროპულ კურსს. ასევე, მოგვიწია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა იმის შემდეგაც, რაც მათ სრულიად უსაფუძვლოდ დაიწყეს აქციის დაშლა. აქაც განვმეორდები, არაფერს ვნანობ.“

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. მისი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მეცხრე თვეა გრძელდება - ეს დრო სასამართლოს მხოლოდ პროკურატურის მტკიცებულებების გამოსაკვლევად დასჭირდა.

მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ამ საქმის განხილვის პარალელურად, 25 სექტემბერს სასამართლომ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2 წლის წინ მამის დაჭრის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG