საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა NCDC-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამირან გამყრელიძეს ჯილდო ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიალზე გადასცა.
"საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, რადგან ის მიმართულია ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისა და სტანდარტების ამაღლებისათვის, იქნებოდა ეს პრევენცია თუ იმ დაავადებებთან ბრძოლა, რომელიც ძალიან მძიმედ აწვებოდა საზოგადოებას. მათთან ბრძოლის ის პროგრესი კი, დიდწილად თქვენთანაა დაკავშირებული.
მინდა თქვენ მიმართ ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების დაფასება და პოზიტივი, რათა ვიცოდეთ რა არის დადებითი, რა არის პროგრესი, რომელიც უნდა დავაფასოთ, ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ", - თქვა ზურაბიშვილმა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, დაჯილდოების ცერემონიალზე ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსთვის და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის:
"განსაკუთრებულია დღეს ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის, როდესაც საქართველო მიუახლოვდა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საოცნებო მიზანს - ჩვენ თანდათან ვხდებით ევროპის ნაწილი და უკვე კანდიდატის სტატუსით ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი და დიდი მუშაობა გვჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, ამიტომაც მიზანშეწონილად ჩავთვალე ჩემი შვილები და ჩემი შთამომავლობა ყოფილიყო დღეს ამ ჯილდოს მიღებაზე, რათა მათ კარგად გაითავისონ, თუ რა გზა გვაქვს დღეს ერთად გასავლელი, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას.
მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, აკეთებდით და გააკეთებთ ამ დიდი გზაზე, რომელიც ჩვენი ყველა თაობის საოცნებო მიზანი გახლავთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. 2022 წლის 5 აგვისტოს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა.