ეს ნაბიჯი ბუნდესტაგის გადაწყვეტილების გაგრძელებაა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. გერმანიის საკანონმდებლო ორგანომ პროექტი შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს ინიციატივით დაამტკიცა.
თბილისში, ორთაჭალაში, შს სამინისტროს ადმინისტრაციის შენობაში გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებას.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ შეთანხმება არ გახდება გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გამოძევების საფუძველი.
„მისია ხორციელდება წლების განმავლობაში. რატომღაც [არის მოსაზრება რომ] ხელი მოეწერება თუ არა [შეთანხმებას], ჩვენს მოქალაქეებს დღეიდან გამოაძევებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან. ეს არის სრული სიცრუე. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება... ჩამოგვყავს ჩვეულებრივად [საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არღვევენ სავიზო რეჟიმს] და ეს გაგრძელდება“, - თქვა მან გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა დაამატა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას და დისკრიმინაციისგან დაცვას.
შეთანხმების მეორე ნაწილი მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სწავლისა და სტაჟირების პროგრამების გაზრდას.
„შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას შემდეგი მიმართულებებით: ცირკულარული მიგრაციისა და სეზონური მიგრაციის გაძლიერება, გერმანულ შრომით ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოება“, - თქვა გომელაურმა.
როგორც ის აცხადებს, შეთანხმება გაამარტივებს სამუშაო ვიზის აღების შესაძლებლობას.
„ჩვენს მოქალაქეებს ლეგალურად შეეძლებათ იმუშაონ, დარჩნენ ქვეყანაში იმ დროით, რა დროითაც გაიცემა ის ვიზა“, - შენიშნა მინისტრმა.
ნენსი ფეზერმა, სანამ პრაქტიკულ საკითხებზე დაიწყებდა საუბარს, საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მათთვის, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, დაბალია გერმანიაში თავშესაფრის მოპოვების შანსი.
„ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია გერმანიაში თავშესაფრის მოსაპოვებლად, თუმცა გაგრძელდება სპეციალისტებისა და მუშახელის მიზიდვის პროცესი. გავაგრძელებთ ცირკულარულ მიგრაციას და ვიზრუნებთ იმაზე, რომ დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე“, - თქვა ფეზერმა.
თბილისში ვიზიტისას ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც.
უნდა გახდეს თუ არა ახალი შეთანხმება გერმანიაში მცხოვრები ქართველი არალეგალი მიგრანტებისთვის შიშის საფუძველი?
წლების წინ, ზუსტად იგივე განცდა, მოლოდინი იყო, როდესაც სავიზო ლიბერალიზაციის პარალელურად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ხელი მოეწერა რეადმისიის ხელშეკრულებას, - უთხრა რადიო თავისუფლებას ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გოგიშვილმა.
„ადამიანები შიშობდნენ, რომ დაიწყებოდა დევნა და საქართველოს მოქალაქეებს მასობრივად დააბრუნებდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯამურად შეიძლება იყოს საქართველოს 200 000-დან 300 000-მდე მოქალაქე, რეადმისიით დაბრუნებულთა რიცხვი მთელი ამ წლების განმავლობაში 15 000-ს აღწევს. ეს ბევრად ნაკლებია და მასობრივი დევნა ნამდვილად არ არის", - თქვა მიგრაციის საკითხების სპეციალისტმა.
გიორგი გოგიშვილმა ილაპარაკა გერმანიის მიდგომაზეც და თქვა, რომ ქვეყანამ პოლიტიკა არალეგალური მიგრანტების მიმართ არსებითად არ უნდა შეცვალოს. ევროკავშირთან მოქმედ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, რეადმისიით [ არალეგალურად მყოფ პირთა მიღება და გადაცემა - რ.თ.] საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე აქამდე სწორედ გერმანიამ დააბრუნა.
„... მიმდინარე წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს. არ მგონია, რომ ეს გაორმაგდება. უბრალოდ, გერმანიას სხვა ქვეყნებზე მეტად აწუხებს არალეგალური მიგრაციის საკითხი, ლტოლვილთა თემატიკა - როდესაც ევროკავშირის მიგრაციის კრიზისი იყო, გერმანიამ სირიის და ლიბიის ფაქტობრივად 400 000-მდე მოქალაქე შეიფარა... აქედან გამომდინარე, მიგრაციის საკითხს უფრო სერიოზულად უდგება გერმანია, ვიდრე შეიძლება, სხვა ქვეყანა მიუდგეს ევროკავშირში.
ამ შემთხვევაში უშუალოდ გერმანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რასაც ემატება ის, რომ გერმანიის მხრიდან უსაფრთხო ქვეყნად ვართ აღიარებული, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით გარკვეული წესები გადაიხედება. პირველ რიგში, თავშესაფრის მიღების მიმართულებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიგრაციის საკითხების ექსპერტმა.
ბოლო წლებში გერმანია მასობრივად ისედაც არ აძლევდა საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარს, ახლა კი ეს პროცედურა უფრო გართულდება: „განხილვა უფრო მკაცრი და სწრაფი იქნება“.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ შეთანხმება, საბოლოო ჯამში, სურათს მაინც არ შეცვლის. „გერმანია არ არის ის ქვეყანა, სადაც საქართველოს მოქალაქეები მასობრივად იმყოფებიან არალეგალურად. ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი იქ ლეგალურად არის. ასე რომ, ამ კუთხით, მათი ცხოვრება არ შეიცვლება", - განაცხადა მან.
რით განსხვავდება რეადმისია დეპორტაციისგან?
რეადმისია, სახელმწიფოების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფთა მიღება და გადაცემა, მოწესრიგებული პროცესია და მოქალაქის დაცულობასაც გულისხმობს. მოქალაქის გადაცემის პროცესში სახელმწიფო ჩართულია პირველი დღიდან და მას ბოლომდე მიჰყვება.
ასევე, თუკი საქართველოს მოქალაქე არალეგალურად იმყოფება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომელიც მოითხოვს მის დაბრუნებას, საქართველო ვალდებულია ის მიიღოს და დაეხმაროს სრულფასოვან დაბრუნებაში.
დეპორტაციის შემთხვევაში, შესაძლებელია, პროცესი ერთ დღეში დასრულდეს. „ადამიანი, რომელიც არალეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში, შესაძლოა, ქუჩაში დააკავონ, აღმოუჩინონ თუნდაც გაყალბებული დოკუმენტი, რომ საქართველოს მოქალაქეა და მისი დეპორტაცია მოხდეს საქართველოში. ამ დროს შეიძლება, ის არც იყოს საქართველოს მოქალაქე და დამატებითი პრობლემები შეგვექმნას“, - ეუბნება თავისუფლებას გიორგი გოგიშვილი.
შესაძლებლობები, რომლებსაც „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმება იძლევა
გერმანია, ფაქტობრივად, პირველი ქვეყანა იყო, რომელთანაც საქართველომ 2015 წელს ცირკულარული მიგრაციის საპილოტო პროექტი გააკეთა. მასში ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იყო ჩართული. შემდეგ იყო გერმანიის სეზონური დასაქმების პროგრამა, რომლის გაგრძელებაც იგეგმება.
როგორც გიორგი გოგიშვილი ამბობს, ამჟამინდელი შეთანხმება ლეგალური დასაქმების საკმაოდ რეალურ მექანიზმებს ითვალისწინებს.
„ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს. ახლა, დიდი ალბათობით, შესაძლებლობები გაჩნდება უკვე სხვა ჯგუფებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. ჩვენთან პროფესიული მუშახელის უდიდეს ნაწილს, სამწუხაროდ, არ გააჩნია კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რაც დასაქმების კანონიერი გზა და დაცულობის მაღალი გარანტიაა. მისი არქონა მათ გერმანიაში, ამ ახალ პირობებში, ჩასვლის და ნორმალური ანაზღაურებით დასაქმების შესაძლებლობას უზღუდავს.
დღეს ლეგალური დასაქმების მექანიზმი შესაძლოა, მასშტაბური არ არის, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს, რადგან გარკვეული კადრების საჭიროება გერმანიასაც აქვს. შესაბამისად, ჩვენც გვჭირდება კადრების განვითარება. თუკი ეს ცირკულარული სქემის ფარგლებში განხორციელდება, ნამდვილად შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ უცხოეთში, გერმანიაში, ამ შემთხვევაში და რაღაც პერიოდის შემდეგ დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში და გამოიყენონ მიღებული გამოცდილება", - განაცხადა „მიგრაციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა და განაგრძო: - მას [გაფორმებულ შეთანხმებას - რ.თ.] პოზიტიურ ასპექტში უფრო ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ რეადმისიის შეთანხმება ისედაც მოქმედებდა ევროკავშირთან. ამჟამად კი, მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მათი დაცულობის გარანტიები გაიზრდება“.
გერმანიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ხელშეწყობის ერთ-ერთ მაგალითად გოგიშვილი ასახელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფარგლებში მოქმედი მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის პროგრამას.
ის გერმანიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს (რომლებმაც იქ პროფესიული გამოცდილება ან განათლება მიიღეს) სახელფასო დანამატს აძლევდა და ტრანსპორტირებაში ეხმარებოდა. „ამის გამოცდილებაც არსებობს და შესაძლებელია ამ პროგრამების განვითარება და გაფართოება. შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს, მთავარია, ჩვენ მას როგორ დავინახავთ“, - თქვა გიორგი გოგიშვილმა.