„2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ მემარცხენე პარტიის (Die Linke; Linkspartei) მოთხოვნაზე გაგზავნილ პასუხში, რომლის მიხედვითაც, გერმანიიდან ყველაზე ხშირად დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.
Deutsche Welle-ს ცნობით, დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა ჩაიშალა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და პილოტების (ავიახაზების) უარის გამო.
გერმანიის ხელისუფლების თანახმად, 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომლებიც ექვემდებარებიან დეპორტაციას, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება.
ბუნდესტაგში Linkspartei-ის წარმომადგენლის, კლარა ბიუნგერის თქმით, ყველაზე ხშირად დეპორტირებულებს ავსტრიაში აგზავნიდნენ, რაც უკავშირდება დუბლინის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ლტოლვილის სტატუსის მსურველები შეუძლიათ გერმანიიდან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გაგზავნონ.
ბიუნგერმა გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები და დეპორტაციების რაოდენობის ზრდას "ჰუმანურობასა და ადამიანურობაზე თავდასხმა" უწოდა.