Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ულოცავს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ სქელში გამოქვეყნებული პოსტით ულოცავს საქართველოს ევროკავშირის წვერობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

"გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!" - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუკის გვერდზე.

მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაიხსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები.

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში".

ბრიუსელში დღეს, 14 დეკემბერს, დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, რომელზეც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.

ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.

XS
SM
MD
LG