აფხაზური ოპოზიცია ოკუპირებული დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების კანონში" ცვლილებების განსახილველად შეიკრიბა. დოკუმენტი ითვალისწინებს „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენას. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" წერს.
შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ გვარებისა და ეროვნების მექანიკური შეცვლა საშუალებას მისცემს გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მასობრივად მიიღონ „აფხაზეთის მოქალაქეობა“.
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ვეტერანთა ორგანიზაციის, „არუაას“ ლიდერის, ტიმურ გულიას თქმით, „შეუძლებელია კანონის მიღებით ქართველების აფხაზებად გადაქცევა“. გულიას „Нужная газета“ ციტირებს.
გულიას მიაჩნია, რომ „პარლამენტის“ გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო და საკითხთან მიმართებით „საჭიროა სამეცნიერო მიდგომა, ეთნიკური აფხაზების რეაბილიტაციის პროგრამა“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსლან ლადარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება „ახალ აფხაზებს“ გამოიყენებს აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად.
„ხვალ ეს ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, იტყვიან, რომ აფხაზეთი საქართველოა“, - ამბობს ის.
პარტია „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ ლიდერმა ასლან ბარციცმა აღნიშნა, რომ შეიძლება შეიქმნეს პრეცედენტი, რომელიც „დამოუკიდებელი აფხაზეთის პროექტს დაასრულებს“.
„საქართველოსთვის, რომელთანაც სამშვიდობო ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული, აფხაზური პასპორტის ცნება არ არსებობს, მათთვის ეს არის ფურცელი, რომელიც არაფრად ღირს. მათთვის ჩვენ ოკუპირებული ტერიტორია ვართ და მათ უარი არ უთქვამთ რევანშისტულ განწყობებზე. რა სჭირდება საქართველოს, რომ შეცვალოს სიტუაცია აფხაზეთში? უნდა შექმნან მეხუთე კოლონა და დაამტკიცონ, რომ აფხაზები საქართველოს შემადგენლობაში მიისწრაფვიან“, - დასძინა მან.
სამოქალაქო აქტივისტი ნაილა ამალია მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა გადაწყვეტილება პრობლემის გააზრების გარეშე მიიღეს: „ღომის ჭამა და ელარჯის ერთნაირად მზადება ეს ყველაფერი არ არის“.
მიღებული ცვლილებების ინიციატორი ოპოზიციონერი კან კვარჩია იყო. კანონის მიღებას სხდომაზე დამსწრე 35 დეპუტატიდან 29-მ დაუჭირა მხარი.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი. ცვლილების შედეგად კი „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ და გვარის აღდგენის უფლება უნდა მიეცეთ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები (აბაზა), იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეების ისტორიული მოვლენების შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნება (აბაზა).
2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენის შესაძლებლობას იძლეოდა. შემდეგ კი ის დაჩქარებული წესით გააუქმეს. იმ დროს ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ მისი მიზანი იყო „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მასობრივად მინიჭება გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.