8 დეკემბერს, ვასო აბაშიძის ახალ თეატრში წინანდლის პრემიის გამარჯვებულები 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ესაა კონკურსი ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში მომუშავე ახალგაზრდებისთვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
2023 წელს პრემიის გამარჯვებულები გახდნენ:
- თეატრალური ხელოვნების დარგში მსახიობი ნიკოლოზ ბაქრაძე პრესლის როლის შესრულებისთვის ათონელის თეატრის სპექტაკლში "ფიწალი დისნეი".
- კინოხელოვნებაში - სანდრო სამხარაძე ანდროს როლისთვის სერიალში "ხელოვნური სუნთქვა".
- პროზაში - მათე ბაღაშვილი რომანისთვის "ბეტონებს იქით".
- პოეზიაში - პაპუნა ფირცხალაიშვილი ლიტერატურულ გაზეთში გამოქვეყნებული ლექსებისთვის.
- მუსიკალური ხელოვნებაში - კომპოზიტორი გიორგი კობერიძე კომპოზიციისთვის "ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები".
- ჰუმანიტარულ მეცნიერებებში - ენათმეცნიერი, ფილოლოგი, გიორგი ჯღარკავა ნაშრომისთვის "ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები".
- სახვით ხელოვნებაში - მიშიკო სულაკაური ინსტალაციისთვის "ქუჯაი ის აღარ არის".
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ასტროფიზიკოსი ქეთევან კოტორაშვილი ნაშრომისთვის "რატომ არ მოითხოვს მზეზე უფრო ძველი ვარსკვლავების ბრუნვის ევოლუციის შესწავლა დინამოს მოდის ცვლილებას".
დაჯილდოების ცერემონია ახალგაზრდა ხელოვანებმა პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად გამოიყენეს. მწერალმა მათე ბაღაშვილმა, რომელიც შოვის ტრაგედიის შემდეგ მოხალისედ წავიდა რაჭაში, თავისი ჯილდო სწორედ "რაჭას და რაჭველ ხალხს" მიუძღვნა და თქვა, რომ ის ასევე ეკუთვნის მარტის აქციების მონაწილეს, ამჟამად პატიმარ ლაზარე გრიგორიადისს.
"ეს გამარჯვება ეძღვნება ყველა იმ ახალგაზრდას, ვისთვისაც წარმატება არის შორს; ვინც მოკლებულია შესაძლებლობებს, ვინც ცხოვრობს ბეტონებს იქით. ეს ჯილდო ეკუთვნის რაჭას და რაჭველ ხალხს. ეს ჯილდო ეკუთვნის სახელსა და გვარს: ლაზარე გრიგორიადისს, მივიწყებულ ახალგაზრდას", - თქვა მან 8 ნოემბერს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები შეამჩნიონ, განსაკუთრებით დღეს, როცა ხელოვნება ცენზურის ქვეშ არის და ასეულობით ხელოვანი ბოიკოტშია", - ასე მიმართა აუდიტორიას წინანდლის პრემიის დაჯილდოებაზე მსახიობმა სანდრო სამხარაძემ.
"მე მჯერა, რომ ჩვენ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს და ახლა დაიწყება ჩვენი მთავარი შრომა იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები და მგონია, რომ ეს უნდა იქცეს ამ წლების და შემდეგი წლების მთავარ ნარატივად. ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამაზე ვილაპარაკოთ, ეს მოვთხოვოთ ხელისუფლებას. ასევე, ყველანაირად ვეცადოთ, რომ 2024 წელს ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები", - თქვა მან.
"მართლაც არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც განიცდიან შევიწროვებას, ცენზურას და ამ დროს [მნიშვნელოვანია], როდესაც არსებობს პრემია და არსებობს ხალხი, რომელიც საზოგადოების და ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლებისთვის პერიფერიულია და ყურადღებას არ აქცევენ, მათ შრომას აღიარებს", - უთხრა მედიას წინანდლის პრემიის კიდევ ერთმა გამარჯვებულმა, ნიკოლოზ ბაქრაძემ.
წინანდლის პრემიის ორგანიზატორი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ფონდია.
წინანდლის პრემიის დაარსების იდეა 1998 წელს გაჩნდა. ერთი წლის შემდეგ კი პირველი ცერემონია თეატრალურ სარდაფში გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლისთავს მიეძღვნა.