Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ახალი ბრალი წაუყენეს


ჰანტერ ბაიდენი
ჰანტერ ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ ახალი ბრალი წაუყენა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს. გამოძიების თანახმად, ჰანტერ ბაიდენმა არ გადაიხადა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადები. საქმე ეხება 2016-2019 წლების პერიოდს.

56-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა კალიფორნიის სასამართლოს გადაეცა. აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალად ედება გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება და ყალბი დეკლარაციის წარდგენა.

პროკურორების მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა საზღვარგარეთ საქმიანი გარიგებების შედეგად მიიღო 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, მათ შორის უკრაინის გაზის კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში მუშაობისთვის და გადასახადების გადახდის ნაცვლად მილიონობით დოლარი დახარჯა ცხოვრების ექსტრავაგანტური წესისთვის.

დოკუმენტში ჩამოთვლილია თანხები, რომლებსაც ჰანტერ ბაიდენი ხარჯავდა ძვირადღირებული სასტუმროების, ავტომანქანების, ტანსაცმლის, ფუფუნების სხვა საგნებისა და მეგობარი ქალებისთვის.

2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის. ჰანტერ ბაიდენი ამას არ აღიარებს.

თეთრ სახლს ახალ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG