Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი უკვე საქართველოშია


18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც თბილისში ივლის
18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც თბილისში ივლის

უკვე საქართველოშია ნაწილი 18-მეტრიანი ავტობუსებისა, რომლებმაც თბილისის ქუჩებში უნდა იარონ. ავტობუსები შემოიყვანა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია Tegeta Truck And Bus-მა, რომელიც "თეგეტა ჰოლდინგის" წევრია.

კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 17 ავტობუსია ჩამოყვანილი და მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები.

თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.

რა ვიცით 18-მეტრიან ავტობუსებზე, რომლებმაც თბილისში უნდა იარონ:

  • ერთეულის ფასი - 1 618 759 ლარი;
  • მწარმოებელი - MAN-ი;
  • მოდელი - MAN Lion's City 18C;
  • გამძლეობა - 12 წელი და 1 020 000 კმ;
  • გამოშვების თარიღი - 2023 წელი;
  • სიგრძე - 18,06 მეტრი;
  • სიგანე - 2,55 მეტრი;
  • სიმაღლე - 3,34 მეტრი;
  • კარების რაოდენობა - 4 (შიდა გაღების, ორფრთიანი);
  • იატაკი - მთლიან სამგზავრო სივრცეში იქნება დაბალი, გარდა ბორბლებისა და ძრავის სივრცეებისა;
  • ტევადობა - 162 მგზავრი (43 დასაჯდომი, მძღოლის ადგილი, 2 დასაკეცი სავარძელი, 1 ეტლის ადგილი შშმ პირებისთვის);
  • მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ;
  • შესაძლებლობა - შეუძლია 18%-იან დახრილობაზე ასვლა;
  • ფერი - დამკვეთთან შეთანხმებით სამ ფერში;
  • გათბობა-გაგრილება - ავტობუსს ექნება კონდიცირების სისტემა და შესაძლებელი იქნება ფანჯრების გახსნა;
  • ელექტრონული მოწყობილობები - WiFi (2 SIM სლოტი) 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, USB დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.

კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას.

სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.

თავდაპირველად 18-მეტრიანი ავტობუსები მხოლოდ 4 ხაზზე ივლის. კერძოდ:

  • N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
  • N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
  • N308 (გლდანიდან ორბელიანის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
  • N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მიუნხენში ვიზიტის დროს, 7 ნოემბერს თქვა, რომ 50 ახალი ავტობუსი დედაქალაქში დეკემბრის ბოლომდე ჩამოვა, იანვრიდან კი ხაზებზე გავა.

XS
SM
MD
LG